ახალი ამბები

მეჭიაური: ძირითადად მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ხდება

2 თებერვალი, 2016 • 1781
მეჭიაური: ძირითადად მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ხდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას მიზანმიმართული ხასიათი აქვს. ამის შესახებ მან “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” დასჯის შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

“ძირითადად მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ხდება. ეს ტენდეცია უკვე კანონზომიერ ხასიათს ატარებს. არის ერთეული შემთხვევა სხვა რელიგიების შეურაცხყოფის, მაგრამ მიზანმიმართულად მართლმადიდებლების დისკრედიტაცია მიმდინარეობს და მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად ცდილობენ მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას.”

დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებას არ ასახელებს და ამას იმით ხსნის, რომ არ აქვს სურვილი, აღნიშნულ ორგანიზაციებს რეკლამა გაუკეთოს:

“მე არ მინდა რომელიმე არასამთავრობოს რეკლამა გავუკეთო. თუნდაც პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბოლო პერიოდში მთელი რიგი არასამთავრობის მიერ. მათ ზუსტად ის უნდათ, რომ დავასახელო ეს ორგანიზაციები, ის პიროვნებები, რომლებიც ამას აკეთებენ, რათა მეტი ანაზღაურება მიიღონ ამისთვის.

კითხვაზე, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის თუ არა გამოხატვის თავისუფლებასთან, დეპუტატი პასუხობს:

“გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს შეურაცხყოფის თავისუფლებას. მღვდლის კრიტიკას არავინ კრძალავს, ყველა გავაკრიტიკოთ, მღვდელმაც შეიძლება დაარღვიოს რამე და მოლამაც, მაგრამ ამის გადატანა მთლიანად რელიგიაზე, შეურაცხმყოფელი მეთოდებით ამის გაკეთება დასჯადი უნდა იყოს.  არა, ვერ გავიგე, თუკი LGBT-ების ლანძღვა არის დასჯადი, პატრიარქი უფრო ნაკლები უფლების მატარებელია? LGBT-ები უნდა დავიცვათ მარტო საქართველოში? ქვეყანა და კანონმდებლობა მათ უნდა მოვარგოთ? ზედმეტი შეურაცხყოფისგან უნდა დავიცვათ, რომელიც არა იმდენად პატრიარქის შეურაცხყოფაა, არამედ იმ მრევლის, რომელიც მას პატივს ცემს.”

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

 

კანონპროექტის მიხედვით,  “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი