ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, იგი გამოცდაზე კონკურსანტის მიერ მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ დააინტერესა

2 თებერვალი, 2016 • 1597
იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, იგი გამოცდაზე კონკურსანტის მიერ მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ დააინტერესა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან თევზაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბერში ჩატარებულ მოსამართლეების გამოცდაზე კონკურსანტებმა წინასწარ იცოდნენ კითხვები.

ლევან თევზაძის განცხადებით, იგი ერთი კონკურსანტის ქულამ დააინტერესა.

“[კონკურსანტის] გვარი არ მახსოვს, მაგრამ ის სამართლის დოქტორი იყო. მან მიიღო 100-დან 100 ქულა. მე პირადად დავინტერესდი: 100-დან 100 [ქულა] ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მე არც ტესტები მინახავს აქამდე და არც შემდეგ მაქვს უფლება, რომ ტესტები ვნახო”, – აცხადებს თევზაძე.

თევზაძე ამბობს, რომ მას [ახვლედიანის მიერ დასახელებულ] კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს.

“აღნიშნულ საკითხზე საბჭოში მსჯელობა არ ყოფილა. ყველამ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს, ასეთი რამ როგორ შეიძლება?! საბჭოზე აუცილებლად დავაყენებ აღნიშნულ საკითხს, მოწვეული იქნება ალბათ ბატონი მამუკაც [ახვლედიანი]”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე საუბრობს. ახვლედიანი ამ საკითხის შესწავლას და გამოკვლევას მოითხოვს.

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას. განვმარტავ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები და კაზუსები განეკუთვნება სრულად კონფიდენციალურ ინფორმაციის სახეს და მასზე წვდომა გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს ან მათ მიერ ვიწროდ განსაზღვრულ პირებს. ამასთან, საგამოცდო ტესტები განეკუთვნება იმ კატეგორიის დახურულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ერთ-ერთმა კანდიდატმა ტესტურ გამოცდაზე მიიღო მაქსიმუმი (100) ქულა. მეტიც, ზოგიერთი კანდიდატის წერითი კაზუსების ამოხსნა აბსოლუტურად სიტყვასიტყვით ემთხვევა წერითი კაზუსის ავტორის მიერ დაწერილ კაზუსის ამოხსნის ოფიციალურ ვერსიას, რითაც დარღვეულია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის წესი. აღვნიშნავ, რომ წერითი კაზუსის ავტორის ამოხსნის ვერსია და კონკურსანტის მიერ საგამოცდო კაზუსში დაწერილი ვერსია იმდენად იდენტურია, რომ დამთხვევის ალბათობა გამორიცხულია და იმთავითვე ნათელი ხდება, რომ კონკურსანტმა წინასწარ იცოდა კაზუსის სწორი პასუხი’, – აცხადებს მამუკა ახვლედიანი, რომელიც დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

კონკურსანტის ვინაობას, ვინც ახვლედიანი თქმით ზემოხსენებული ტესტი შეავსო და 100 ქულა დაიმსახურა, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი