ახალი ამბებისამართალი

საკანონმდებლო ინიციატივა – არასაპატიმრო სასჯელი ქალების, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის

2 თებერვალი, 2016 • 1402
საკანონმდებლო ინიციატივა – არასაპატიმრო სასჯელი ქალების, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის

დღეს, 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს  “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანი კონკრეტული ჯგუფებისთვის არასაპატიმრო სასჯელის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

საკანონმდებლო ცვლილება ეხება პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის პირებს. საუბარია ამ პირებისთვის სისხლის სამართლის კოდექსში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდების აკრძალვის მოხსნაზე, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, ინდივიდუალური მიდგომით, ჯანმრთელობის, შესაძლებლობისა და საჭიროებების გათვალისწინებით გამოიყენოს ალტერნატიული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

“ინდივიდუალური თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის ფორმა, კანონის საუძველზე ზღუდავს ადამიანის გარკვეული უფლებების განხორციელებას. ასეთი სასჯელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას. არ განაპირობებს დანაშაულის შემცირებას, იწვევს პატიმრებისა და მათი ოჯახების სტიგმატიზაციას და არ არის მიმართული დაკავებული პირების რესოციალიზაციისკენ,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის თანახმად, ცვლილებები არ შეეხება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

კანონპროექტის ავტორია “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია.” ორგანიზაციის მტკიცებით, ინიცირებული საკითხი ეფუძნება იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც მათ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა. ამ კვლევის მიზანი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ქალების სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის, ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის – შესახებ ინფორმაციულობისა და გამოყენების შესწავლა იყო.

კვლევის თანახმად, ქალთა მეხუთე დაწესებულებაში განთავსებული 241 პირიდან გამოკითხვაში მონაწილეობა 141-მა მიიღო. მათგან 121-ს სურს, რომ მისი სასჯელი შეიცვალოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით,  20-ს არ სურს, ხოლო სამმა განაცხადა, რომ ფიზიკური შრომა არ შეუძლია.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ” საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს, ორსულ ქალს, 7 წლამდე შვილის მშობელ ქალს, საპენსიო ასაკის პირებსა და გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი