ახალი ამბები

„ომში დამწვარი მაცივრის ვალს“ დევნილთა სამინისტრო გამოეხმაურა

28 თებერვალი, 2011 • 1191
„ომში დამწვარი მაცივრის ვალს“ დევნილთა სამინისტრო გამოეხმაურა

საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ნეტგაზეთის გვერდზე განთავსებულ სტატიას მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სტატია სახელმწოდებით „ომში დამწვარი მაცივრის ვალი“ განვათავსეთ.  სტატიაში მოთხრობილია 2008 წლის აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ერთ –ერთი სოფლიდან დევნილი ოჯახის ისტორია, რომელიც ომამდე რამდენიმე თვით ადრე განვადებით გამოტანილი და ომის დროს დამწვარი მაცივირის ვალს დღემდე იხდის.

“გმადლობთ, გავეცნობით მდგომარეობას, ამ ოჯახს სამინისტრო უკვე დაეხმარა განსახლებაში, ომის შემდეგ – მოგეხსენებათ ურთულესი სიტუაცია იყო და ადამიანები კარვებში ცხოვრობდნენ, ახლოვდებოდა ზამთარი, სამ თვეში მოხერხდა დევნილების დაბინავება, აშენდა ახალი ჩასახლებები, გარემონტდა კოდაში კორპუსი და იქაც დევნილები შესახლდნენ, დაურიგდათ სასოფლო–სამეურნეო მიწები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ყველა ოჯახს საკუთარი პრობლემა და გასაჭირი აქვს. ის ადამიანები, ვინც საჯარო სამსახურში იყვნენ დასაქმებული, პრეზიდენტის განკარგულების შედეგად 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით იღებდნენ ხელფასებს, თუმცა ისინი უკვე დევნილობაში იმყოფებოდნენ. რამდენადაც ცნობილია, ომის შემდეგ ბანკებმა რამდენიმე თვით, 2009 წლამდე, შეუჩერეს (მოუხსნეს) საპროცენტო განაკვეთი დვენილებს (ის ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ მთლიანად დაფარა ვალები, როგორც ეს სტატიაშია მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება). 2009 წლის იანვრიდან კი სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეების (მასწავლებლებმაც მათ შორის) უმეტესობამ მუშაობა განაგრძო უკვე ახალ ჩასახლებებში, შესაბამის სტრუქტურებში. თუმცა კონკრეტული ოჯახის სიტუაციაზე საუბარი ძნელია დეტალების ცოდნის გარეშე, შევეცდებით დავადგინოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.” –მოგვწერეს სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სტატიის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი