ახალი ამბები

მიკროავტუბუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

25 თებერვალი, 2011 • 1620
მიკროავტუბუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

“ვარდების მოედანზე” სამარშრუტო მიკროავტუბუსების მძღოლები იკრიბებიან, რომელთა საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ამ წუთებში მოედანზე 300–მდე მძღოლია შეკრებილი.

თბილისის შიდა საქალაქო სამარშრუტო მიკროავტუბუსების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად დღეს დილიდან დაიწყეს გაფიცვა. ისინი თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან დასმულ მოთხოვნას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, კომპანიები მიკროავტუბუსების მძღოლებთან ხელშეკრულებებს გაზრდილი ტარიფის შემთხვევაში გააფორმებენ. მძღოლების თქმით, კომპანიები 1 მარტიდან თითოეული მათგანისგან დღეში 20–40 ლარის გადახდას მოითხოვენ.

თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ – ”თბილ ლაინი”, ”ფაბლიქ ქარ”, ”თბილ ქარ“ და „კაპიტალ გრუპი” – გაიმარჯვა. ტენდერის შესაბამისად, ამ კომპანიებს ევალებათ თბილისის სამარშრუტო ავტოპარკის სრულად განახლება და ახალი „ფორდის“ მარკის მიკროავტუბუსების შემოყვანა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ მერიის მიერ ტენდერის შედეგების გაუქმებას. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის თინა ხიდაშელის თქმით, „სამარშრუტო ხაზების მონოპოლირებას თბილისის მერი გიგი უგულავა წარმართავს“.

”გია გაგოშიძე, ორ ყველაზე დიდ ლოტზე (ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი) გამარჯვებული კომპანია ”თბილ-ლაინის” დირექტორი და კომპანია ”ჯი-ემ-სი”-ს საწყობის დირექტორი, პარალელურად თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოს ”სპორტული ეზოს” დირექტორია.  საწარმო 2010 წლის მარტში უგულავას ბრძანებით შეიქმნა. ხოლო ხვიჩა სექანია – ისანი-სამგორის ლოტის გამარჯვებული და კომპანია ”ფაბლიქ ქარ”-ის დირექტორი, იმავდროულად ყოფილი მუნიციპალური კომპანია ”მუშტაიდის” და კომპანია ” თბილისი პარკინგის” დირექტორია” – ამბობს თინა ხიდაშელი.

თბილისის სატრანსპორტო სფეროში არსებული კორუფციის შესახებ საუბრობს საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” წევრი კახა კუკავაც. მისი  თქმით, მიკროავტობუსების კომპანიების გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულებს ახალი, მაღალი კლასის მანქანების შემოყვანა და სისტემაში რეფორმის გატარება ევალებოდათ.
,,ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული კომპანია მოკროავტობუსებთან ხელშეკრულების გაფორმებას, სამომხმარებლი ტარიფის ზრდასა და თითოეული სატრანსპორტო ერთეულიდან მათთვის 20-დან 40-მდე ლარის გადახდას ითხოვს”,-ამბობს კახა კუკავა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტენდერის შედეგად რამდენიმე ათასობით თბილისელი უმუშევარი დარჩება, ხოლო ასი ათასობით მომხმარებელს კი მომსახურებაზე გაორმაგებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, ფრაქცია „დედაქალაქი“ ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

„აუცილებელია, უცვლელი დარჩეს როგორც მათი გადასახადი, ასევე სამომხმარებლო ტარიფიც, ხოლო აღნიშნულ საქმეზე კი სისხლის სამართლის გამოძიება ჩატარდეს”,-ამბობს კახა კუკავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი