ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება

1 თებერვალი, 2016 • 1236
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

“პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია, ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე, ” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 3 თებერვალს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში, პარლამენტის წინაშე 14:00 საათზე წარსდგება.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. ეს პოზიცია პარლამენტმა გაიზიარა და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი