ახალი ამბები

კონტროლი დასჯის ნაცვლად

24 თებერვალი, 2011 • • 1260
კონტროლი დასჯის ნაცვლად

 

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის მომდევნო ორი წლის პრიორიტეტებში პოლიციის და ტურიზმის გაკონტროლება არ შედის.

კონტროლის პალატა საკუთარ პრიორიტეტებს 2 წელიწადში ერთხელ ცვლის. 2011-12 წლებში მაკონტროლებლისთვის პრიორიტეტულია ჯანმრთელობის საჯარო დაზღვევის სფერო, სამედიცინო მომსახურების პროგრამების, სოციალური დახმარების სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, აგრეთვე, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და თვითმმართველობის სისტემის კონტროლი.

კონტროლის პალატაში განმარტავენ, თუ რის საფუძველზე მიიჩნევენ ამა თუ იმ სფეროს კონტროლს პრიორიტეტულად.

მაგალითად, პრიორიტეტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ სფეროს კონტროლი, სადაც დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხები (მთლიანი საბიუჯეტო ასიგნების 2% და მეტი) იხარჯება. კონტროლის პალატის ყურადღების ცენტრში შეიძლება მოექცეს სფერო, სადაც დაფიქსირებულია არასწორი მართვა, სისტემური გაუმართაობა, თაღლითობა, მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სისტემური რეფორმის საჭიროება (სადაც ხშირად მეორდება თაღლითობის ფაქტები), ასევე, პროგრამა, რომელსაც საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს.

კონტროლის პალატის პირველი პრიორიტეტია ჯანმრთელობის საჯარო დაზღვევა. მაკონტროლებელმა მიმდინარე წელს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მონიტორინგი განახორციელა და წინასწარი დასკვნა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას არაკეთილსინდისიერად ახორციელებდნენ, რის შედეგადაც მილიონობით ლარი მიითვისეს. მაკონტროლებელი აუდიტის საბოლოო დასკვნას 2-3 კვირაში გამოაქვეყნებს. თუმცა, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის 11 – სადაზღვევო კომპანიების თანამშრომელი იყო, 5 კი – სოციალური დაცვის სააგენტოსი. სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

კონტროლის პალატამ 2010 წელს დარღვევები აღმოაჩინა სამედიცინო მომსახურების სფეროში, რის გამოც უახლოესი 2 წლის მანძილზე ამ სფეროს კონტროლი პრიორიტეტულია.

მაკონტროლებელმა 2010 წლის დეკემბერში წარმოადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში „ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის” (დიალიზის პროგრამის) ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2007-2009 წლის პერიოდს მოიცავდა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2 წლის მანძილზე სახელმწიფომ ამ პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსების 25%, ანუ 14 მილიონი ლარი იზარალა. დიალიზის სეანსის ღირებულება 2010 წლისთვის 90-დან 120 ლარამდე გაიზარდა, ეს ზრდა კი, კონტროლის პალატის დასკვნით, უკანონოდ მოხდა. გარდა ამისა, დიალიზისთვის განკუთვნილ მასალას შესაბამისი ორგანოები აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფასებთან შედარებით 60%-ით ძვირად ყიდულობდნენ კომპანია „ვია-ვიტასგან“.

კონტოლის პალატამ 2010 წელს აუდიტი ფინანსთა სამინისტროშიც ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 2009 წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო დოკუმენტაციების პოპულარული ვერსიების შესამუშავებლად. ეს გულისხმობდა ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი 8500 ბროშურის დაბეჭდვას. ბროშურა კი ადვილი ენით უნდა ყოფილიყო დაწერილი და საზოგადოების ფართო მასებში უნდა გავრცელებულიყო. მაკონტროლებელმა მიიჩნია, რომ 322 ათას ლარზე მეტი არამიზნობრივად დაიხარჯა, რადგან ბროშურების 82% ისევ სახელმწიფო უწყებებში გავრცელდა და თავად შინაარსიც ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა ანგარიშებიდან იყო დაკოპირებული. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ სამუშაოს შესრულება შეუთანხმა შპს „კონგარს“, რომლის მისამართზეც საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. არამიზნობრივად დახარჯული 322 600 ლარის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტმა 61 446 ლარიც იზარალა.

კონტროლის პალატამ 2009-10 წელს მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს ზედმეტად გაბერილ სამივლინებო ხარჯებსა და პრემიებს, ასევე, გათბობის სისტემების მონტაჟს ტენდერის გამოცხადების გარეშე და ა.შ.

კონტროლის პალატის მომავალი ორი წლის პრიორიტებები გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო უწყების ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვან პარტნიორებად განვიხილავთ სახელმწიფო უწყებების საზედამხედველებო საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ მათი რესურსები როგორც საკადრო, ისე ინფორმაციული, მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისათვის,“ – განაცახდა ბეჟაშვილმა.

შეხვედრაზე შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეკითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხვდა კონტროლის პალატის პრიორიტეტებში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი და სხვა.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის თამარ ქალდანის თქმით,  კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს შორის არ ფიგურირებს დევნილებთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი, რაზეც კონტროლის პალატაში განმარტეს, რომ პრიორიტეტები სფეროების მიხედვით განისაზღვრა და არა კონკრეტული უწყებების გათვალისწინებით, დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს კი უწყება სოციალური პროგრამების ფარგლებში გააკონტროლებს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, უწყების ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ კონტროლის პალატა საზოგადოებაში დასჯასთან არ ასოცირდებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი