ახალი ამბებისამართალი

ბენსუდა: გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის და საქართველოს მხრიდან იყო შეტევა სამშვიდობოებზე

1 თებერვალი, 2016 • 1576
ბენსუდა: გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის და საქართველოს მხრიდან იყო შეტევა სამშვიდობოებზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

“შეიძლება იყოს ერთი, ან ერთზე მეტი. ვინაიდან, რაც ყველაზე მთავარია, გამოვლენა პასუხისმგებელი პირის, ან პირების, ეს არის ამოცანა. ჩვენს იურისდიქციაში შედის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობები, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს სამშვიდობოების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო შეტევა მშვიდობისმყოფელებზე, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ”, – განაცხადა ბენსუდამ.

ბენსუდა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლაზე მოთხოვნას გააგზავნის. მისი განცხადებით, ჯერ ადრეა იმის თქმა, გაუჭირდება თუ არა რუსეთთან თანამშრომლობა.

კითხვაზე, თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეაფერხებს თუ არა გამოძიების პროცესს, ბენსუდა პასუხობს, რომ არა.

“არ შეაფერხებს და არ იქნება პრობლემა მთლიანი გამოძიებისთვის. მაინც მაქვს იმედი, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაეხმარება ოფისს. მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან”, – ამბობს ბენსუდა.

პროკურორის თქმით, გამოძიების წინასწარ ეტაპზე მან საქართველოდან და რუსეთდან მასალები მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მისცა.

პროკურორი 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ ფატუ ბენსუდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტუმრობის შესაძლებლობას მიმართვის შემდეგ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი