ახალი ამბები

დევნილებმა თავშესაფარი საპატრიარქოსგან მიიღეს

23 თებერვალი, 2011 • 1017
დევნილებმა თავშესაფარი საპატრიარქოსგან მიიღეს

ქუჩაში გაშლილი კარვებიდან საპატრიარქოს შენობაში გადასული დევნილები საპატრიარქოს ამ შემოთავაზებით კმაყოფილები არიან. მათ საქართველოს საპატრიაქრომ დროებითი თავშესაფარი და ერთჯერადი დახმარება – 100 ლარი მისცა.

დევნილთა 27 ოჯახი, რომელიც თბილისში არსებული სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან გასული წლის აგვისტოში გამოასახლეს, 5 თვეზე მეტი ცხოვრობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილ კარვებში.

ერთ-ერთმა დევნილმა მედეა ჯავახაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ისინი საქართველოს საპატრიარქოშიგუშინ, საღამოს 6 საათისთვის, მიიყვანეს. სამინისტროს წინ გაშლილი კარვები კი უკვე აღებულია. დევნილებს გუშინ პატრიარქიც შეხვდა და გვერდში დგომას დაჰპირდა.

„ყველას მოგვცეს საწოლი, თეთრეული, დაგვირიგეს 100-100 ლარი, დღეში ორჯერ საჭმელსაც გვაჭმევენ. ძალიან კარგ პირობებში ვართ, “ – გვითხრა  დევნილმა მედეა ჯავახაძემ. მისივე თქმით, ღია ცის ქვეშ რამდენიმეთვიანმა ცხოვრებამ მათზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

აღნიშნულ ოჯახებთან ერთად საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებულმა ნანა ფიფიამ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს შენობის წინ  პროტესტის ნიშნად 2010 წლის შემოდგომაზე თავი დაიწვა, ის მოგვიანებით გარდაიცვალა. კიდევ ერთ დევნილს, ვასო რაზმაძეს კარავში ოთხთვიანი ცხოვრების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.  მას ექიმებმა ტუბერკულოზისა და ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს.

ხელისუფლებამ კარავში მცხოვრებ დევნილთან ნაწილს გამოსახლებამდე ალტერნატიული ფართი საქართველოს რეგიონებში შესთავაზა, მაგრამ ის დევნილთათვის მიუღებელი აღმოჩნდა. დევნილთა ნაწილს კი არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი