ახალი ამბები

მეტროსადგურებში „რუსთავი 2“–ის სარეკლამო ბანერები ჩამოხსნეს

23 თებერვალი, 2011 • 2141
მეტროსადგურებში „რუსთავი 2“–ის სარეკლამო ბანერები ჩამოხსნეს

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ დახრილ გვირაბებში „რუსთავის 2“–ის ტელესერიალების სარეკლამო ბანერები ჩამოხსნეს. ასეთი რეაქცია მოჰყვა თბილისის მეტროში რეკლამის განთავსებაზე პასუხისმგებელი კომპანიის მხრიდან „ნეტგაზეთის“ მიერ 17 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას – „ვინ აკონტროლებს რეკლამას მეტროში“.

„ეს ბანერები თქვენი სტატიის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ჩამოვხსენით. მე ადრეც გითხარით, რომ ამ რეკლამების ჩამოხსნას ვგეგმავდით და ჩამოვხსენით კიდეც, ამაში გასაკვირი არაფერია“, –ამბობს ალექსი იუკურიძე, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებაზე პასუხისმგებელი კომპანიის  – „აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაისინგის“ დირექტორი.

სხვა ინფორმაციას იძლევიან მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ კონტროლიორები, რომლებიც ამბობენ, რომ „რუსთავის 2“–ის სარეკლამო ბანერები მათ დღეს დილით დახვდათ ჩამოხსნილი.

„დიდი ხანია ეს რეკლამები აქ კიდია და დღეს რომ აღარ დამხვდა, ძალიან გამიკვირდა“ –  ამბობს ერთ–ერთი კონტროლიორი.

„ნეტგაზეთმა“ 17 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნაჩვენები იყო სქემა, თუ რა კავშირი აქვთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ახლო ნათესავებს კომპანიასთან, რომელიც თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

სტატიაში მითითებული იყო, რომ მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ დახრილ გვირაბში 2009 წლიდან იყო განთავსებული „რუსთავი 2“–ის ტელესერიალის („ჟამი ყვავილობისა“) 24 სარეკლამო ბანერი, რისთვისაც, დადგენილი ტარიფის შესაბამისად, „რუსთავი 2“–ს წელიწადში 13 593.6 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, ორ წელიწადში კი – 27 187.2 აშშ დოლარი.

„ნეტგაზეთის“ შეკითხვაზე, იხდის თუ არა „რუსთავი 2“ მეტროს დახრილ გვირაბებში განთავსებული სარეკლამო ბანერების ფულს, შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგის“ დირექტორმა, ალექსი იუკურიძემ მაშინ გვიპასუხა: „ეს ბანერები უკვე დაზიანებულია, ამიტომ რეკლამა აღარ გამოდის. თან, რეკლამა დახრილ გვირაბში არ შეუკვეთავს სხვას და ამიტომ ესენი აღარ ჩამოგვიხსნია. ისე, უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩამოვხსნით“. 

დღეს დილით „რუსთავი 2“–ის ტელესერიალების სარეკლამო ბანერები არა მხოლოდ  „ვაგზლის მოედნის“, არამედ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ დახრილი გვირაბებიდანაც გაქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი