ახალი ამბები

იან კელი: აშშ ამაყობს, რომ სამშვიდობო მისიაში საქართველოს პარტნიორია

29 იანვარი, 2016 • 1245
იან კელი: აშშ ამაყობს, რომ სამშვიდობო მისიაში საქართველოს პარტნიორია

აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 29 იანვრის ბრალდებებს გამოეხმაურა.

“ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”, – წერია აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 გოგონა ქართველ ჯარისკაცებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოური სამხედრო შენაერთების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა განცხადება 29 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ადგილი ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა. ქართველი ჯარისკაცების შესაძლო დანაშულზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, ვალდებული იყვნენ და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვათ მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი