ახალი ამბები

ხიდაშელი: ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულის გამოძიება გასულ კვირას დაიწყო

29 იანვარი, 2016 • 1089
ხიდაშელი: ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულის გამოძიება გასულ კვირას დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილ შესაძლო დანაშაულის საკითხს თავდაცვის სამინისტრო გასული კვირიდან იძიებს.

“მივიღე პირველად ინფორმაცია გაეროდან და იმ დღესვე მივეცი დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე. შესაბამისად, გასულ კვირას დაიწყო გამოძიება. გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, რომ ჩამოვაცილოთ პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს ამ თემებს, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა. თუ კი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა, რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია გაეროს პრესრელიზში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისათვის, რომ ერთი, ან ორი ადამიანის ქმედება მთელს დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 გოგონა ქართველ ჯარისკაცებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოური სამხედრო შენაერთების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა განცხადება 29 იანვარს გააკეთა.

მისი თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ადგილი ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა.

ქართველი ჯარისკაცების შესაძლო დანაშულზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, ვალდებული იყვნენ და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვათ მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი