ახალი ამბები

ქართველი ჯარისკაცების შესაძლო სექსუალური დანაშაულის გამოძიებამდე მეთაურები გადააყენეს

29 იანვარი, 2016 • 1433
ქართველი ჯარისკაცების შესაძლო სექსუალური დანაშაულის გამოძიებამდე მეთაურები გადააყენეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

„დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში არსებულ მისიას. ჩვენი – თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, ასევე, მთავრობის პოზიციაა, რომ მსგავსი ქმედება, ვინც უნდა ჩაიდინოს ის, არის დასჯადი, არ აქვს მნიშვნელობა არც ქვეყანას, არც სამხედრო წოდებას და წარმომავლობას. ჩვენი მიზანია, ამჟამად განვახორციელოთ დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსთან, ყველა ზომას გამოვიყენებთ, რათა დადგინდეს სიმართლე”.

როგორც კაპანაძე აცხადებს, თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, კონკრეტული პიროვნება დაისჯება შესაბამისად.

“ქართული შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში 17 წლის განმავლობაში მონაწილეობენ და ამ პერიოდში მათ თავი წარმოაჩინეს საუკეთესო მხრიდან. ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებში მიიჩნევიან, როგორც სანდო, საიმედო და პროფესიონალი თანამებრძოლები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავს სტატუსს და მსგავს სახელს ვიღაცამ მიაყენოს ზიანი. ამ ეტაპზე ყველა ზომას ვიღებთ, რათა დადგინდეს სიმართლე – გაბათილდეს აღნიშნული ინფორმაცია, ან დადგინდეს და დაისაჯოს ის პიროვნება, რომელმაც შელახა ქართული მუნდირი”.

გარდა ამისა, კაპანაძის თქმით, “ყველა ის პიროვნება, რომელიც ვალდებული იყო და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვა მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება, გადაყენებული იქნება და მოვალეობას ვერ შეასრულებს გამოძიების დასრულებამდე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი