ახალი ამბები

ჯანელიძე: ლავროვს შევხვდები, თუ შესაბამისი გარემოებები იქნება

29 იანვარი, 2016 • 1195
ჯანელიძე: ლავროვს შევხვდები, თუ შესაბამისი გარემოებები იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს იმ შეთხვევაში შეხვდება, “თუკი იქნება შესაბამისი გარემოებები და შესაბამისად, მომზადება”.

საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა ამ გარემოებებში.

“ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რუსეთთან და რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები. როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა ლავროვმა და რასაც მივესალმებით. იცით, რომ გვაქვს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით გარკვეული დადებთი შედეგების მიღწევა, მათ შორის, ეკონომიკურისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღიად რუსული ბიზნესისა და ხალხთაშორისი ურთიერთობებისათვის. თუმცა აქვვე მინდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს სურვილს, გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერტორიები რუსეთის მიერ, გამოდევნილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, და ყოველდღიურად ირღვევა ადამაინის უფლებები ოკუპირებულ ტერიროტიებზე,”- განაცხადა ჯანელიძემ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას განცხადებას, რომ არ იცის, რამდენად წონიანი იქნება ჯანელიძე ლავროვთან შეხვედრაზე:

“მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა, პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის, უმრავლესობის წევრსაც,“- განაცხადა მან.

გასწორება: თავდაპირველი სათაური იყო “ჯანელიძე: ლავროვს იმ შემთხვევაში შევხვდები, თუ შესაბამისად მომზადებული ვიქნები”, რაც არასწორია. ჯანელიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს იმ შეთხვევაში შეხვდება, “თუკი იქნება შესაბამისი გარემოებები და შესაბამისად, მომზადება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი