ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მიკროავტობუსებში რადიომონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება

29 იანვარი, 2016 • 1386
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მიკროავტობუსებში რადიომონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შპს-ების- „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და „თბილისის მიკროავტობუსი“ – ხელმძღვანელობას, გააუქმონ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და პლურალისტულ მედიაზე წვდომის უფლებას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიუღებლად მიიჩნევს მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის მიერ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმებას.

“ვინაიდან ის აწესებს მოსახლეობის ძალიან ფართო სეგმენტზე ფაქტობრივ რადიომონოპოლიას, რაც შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან: არჩევანის თავისუფლებასა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან, რასაც ყველა სახელმწიფო უწყება თუ მუნიციპალური კომპანია უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს”.

2016 წლის 18 იანვარს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით, თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ – „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.

საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლად შექმნილ რადიოს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექნება ექსკლუზიური უფლება განახორციელოს მაუწყებლობა ქალაქში არსებულ ყველა მუნიციპალურ მიკროავტობუსში, მათ შორის, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ხელშეკრულებიდან ასევე ირკვევა, რომ რადიომაუწყებლობა დაამონტაჟებს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ტექნიკურ დანადგარებს და მოახდენს აღნიშნული დანადგარების კონტროლს. მითითებული სერვისის სანაცვლოდ, შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ შემავალი კომპანიები მიიღებენ გარკვეულ თანხას (ჯამურად მიიღებენ თვეში 5000 ლარს – გარანტირებულად ერთი წლის განმავლობაში (ხოლო კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში – განუსაზღვრელი დროის განმავლობაში).

“აქვე აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანის ნებართვა თბილისის ტერიტორიაზე გააჩნია მხოლოდ აღნიშნული კომპანიის მმართველობაში შემავალ მიკროავტობუსებს. ამგვარად, ყველა მძღოლი და ის პირები, ვინც მუნიციპალური მიკროავტობუსით მოსარგებლეები არიან, ფაქტობრივად იძულებით, გარდაუვლად გახდებიან დასახელებული მხოლოდ ერთი რადიომაუწყებლობის აუდიტორია: როგორც მიკროავტობუსის მძღოლებს, ასევე სხვა პირებს, მგზავრობისას ერთმევათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში (ასევე) მოუსმინონ სხვა რადიომაუწყებლობას”.

კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეკუთვნის გოგა ხაინდრავას.

“მას საჯაროდ ცნობილი გარემოებებიდან გამომდინარე აქვს მჭიდრო კავშირები მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში, კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სატრანსპორტო და რადიოკომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით იქმნება არაკონკურენტული და არათანაბარი გარემო სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის, ხოლო ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს დაშვებით, ჩნდება ეჭვები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. საზოგადოება ყოველთვის მძაფრად უარყოფითად რეაგირებდა მედიის შეზღუდვის მსგავს მცდელობებზე. ასე მოხდა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც, როცა თბილისში მომუშავე მიკროავტობუსებში რადიომიმღებების მუშაობა აკრძალეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი