ახალი ამბები

ახალი საფრთხეები–ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი

22 თებერვალი, 2011 • 3287
ახალი საფრთხეები–ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი

2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გახდა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ხელახლა გადაფასების საფუძველი.

საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება, რადგან სწორედ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს კონცეფციის საბოლოო ვარიანტი.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოში პირველად 2005 წელს დამტკიცდა.

„ეს კონცეფცია ხაზს უსვამს საქართველოს ხალხის სწრაფვას, მოახდინოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირში და თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განმტკიცებაში“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უასფრთხოების კონცეფციის პირველ დოკუმენტში.

კონცეფციის ახალ ვარიანტში კი ხაზგასმულია, რომ მისი მიზანია„ უსაფრთხოების თავისებურებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ის პრიორიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინტერესების რეალიზებას და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას.“

კონცეფციის თანახმად, საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია: 1. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; 2. თავისუფლება; 3. დემოკრატია და კანონის უზენაესობა; 4. უსაფრთხოება; 5. კეთილდღეობა; 6. მშვიდობა.

საქართველოს ეროვნულ ინტერესებად ცხადდება: 1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; 2. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3. ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; 4. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; 5. მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; 6. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 7. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა; 8. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განტკიცება; 9. ქვეყნისა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 10. ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა; 11. საქართველოს ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების განმტკიცება; 12. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კონცეფციაში დასახელებულია საქართველოს წინაშე არსებული შემდეგი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები: 1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია; 2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი; 3. კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება; 4. საერთაშორისო ტერორიზმმი; 5. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები; 6. ენერგეტიკული გამოწვევები; 7. ინფორმაციული გამოწვევები; 8. ეკოლოგიური გამოწვევები; 9. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი და 10. დემოგრაფიული გამოწვევები.    

რუსეთი – საქართველოს წინაშე არსებული მთავარი საფრთხე

http://elainemeinelsupkis.typepad.com
http://elainemeinelsupkis.typepad.com

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ახალი სამხედრო აგრესიის რისკი, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საქართველოს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის მიხედვით.

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სამხედრო ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს“.

კონცეფციის პროექტში ნათქვამია, რომ „რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ხოლო რუსეთის მიერ გაეროს და ეუთოს მისიების დაბლოკვის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არიან განთავსებულნი საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალები. აქედან გამომდინარე, არსებობს ახალი აგრესიის პოტენციური რისკი“.

წინა კონცეფციაში, რომელიც 2005 წელს დაამტკიცა დღევანდელმა ხელისუფლებამ, პირდაპირ იყო მითითებული, რომ  „საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა“. თუმცა კონცეფციის დამტკიცებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში, 2008 წლის აგვისტოში, განხორციელდა „ღია სამხედრო აგრესია“ საქართველოს წინააღმდეგ.

“წინა კონცეფციაში რუსეთის მხრიდან ღია, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელება მოლოდინის ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო, 2008 წლის მოვლენებმა ეს რეალობა, სამწუხაროდ, მთლიანად შეცვალა და აჩვენა ყველას, რამდენად არაადეკვატურად იყო მომზადებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მხრივ, ამ დოკუმენტის სრულყოფა’’, – ამბობს ,,ქრისტიან-დემორატიული მოძრაობის’’ ლიდერი გიორგი თარგამაძე.

2005 წლის კონცეფციაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ დასახელებული იყო  დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა:

„გარედან ინსპირირებული და მხარდაჭერილი აგრესიული სეპარატისტული მოძრაობები შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, რამაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის საქართველოდან ფაქტობრივი გამოყოფა და ამ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მთავარი წყარო ზოგიერთი პრობლემისა, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას“ – ვკითხულობთ 2005 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. მასში არაფერია ნათქვამი რუსეთის როლზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში და ხაზგასმულია მხოლოდ „სეპარატისტული რეჟიმების“ საკითხი ამ კონტექსტში. უფრო მეტიც, წინა დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა „პარტნიორობას რუსეთის ფედერაციასთან“, სადაც საუბარია იმაზე, რომ „საქართველო მზად არის, გაააქტიუროს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ურთიერთობები და ითანამშრომლოს რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად და ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

ახალ დოკუმენტში კი რუსეთი საქართველოს მთავარი ეროვნული ღირებულებისა და ინტერესის – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველ ძირითად საფრთხედ არის დასახელებული. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო მოწოდებულია, მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენების გზით, აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა“.

ამ კუთხით გაცილებით უფრო მეტი სამხედრო რიტორიკის მატერებელი იყო წინა კონცეფციის ტექსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საქართველო მოწოდებულია, აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა. საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას იმ პრობლემების მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს.“

„კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ – სწორედ ეს გახლდათ საქართველოს ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გამოაცხადა.

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი მთელ რეგიონში,” – ეს განცხადება ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს გააკეთა, როდესაც ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული შეტაკებები განახლდა.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ახალ კონცეფციაში აქცენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან მეთოდებზე კეთდება, რაც, მისივე თქმით, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივ დეკლარაციას უკავშირდება.

ცალმხრივი დეკლარაციის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ”საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსული ოკუპაცია და აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. სააკაშვილის განმარტებით, საქართველო ძალის გამოყენების უფლებას მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს.

ძალის გამოყენების მხოლოდ ერთ შემთხვევას, კანდელაკის თქმით, ახალი კონცეფციაც უშვებს. მისი განმარტებით, ”სამართლებრივი მოგვარება” იმასაც გულისხმობს, რომ თუ მოწინააღმდეგე შეეცდება არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციას, საქართველო თავს დაიცავს.

”თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ ძალას გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა”, – განმარტავს გიორგი კანდელაკი.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კონცეფციის შექმნის არსი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გახდა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებადაა დასახელებული ახალ კონცეფციაში.

„საქართველოს დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო ატიური მონაწილეობა, კერძოდ, ზემოქმედება რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება… საქართველოს ხელისუფლება ესწრაფვის ისეთი სამშვიდობო მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და იქ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას“, – ნათქვამია კონცეფციის პროექტში. იქვეა გაცხადებული საქართველოს ხელისუფლების სურვილი, „რუსეთთან იქონიოს კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა“.

რუსეთთან ურთიერთობის კუთხით საქართველოს ხელისუფლება ახალ კონცეფციაში ძირითად აქცენტს რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიასთან „მშვიდობის ატმოსფეროს“ ჩამოყალიბებაზე აკეთებს.

 

„კავკასია საერთო სახლია“

წინა კონცეფციისგან განსხვავებით, სადაც კავკასიის როლზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არაფერი იყო ნათქვამი, ახალ დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობას და ცალკე – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობას.

„კავკასია აქ მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საერთო სახლია. საქართველო მხარს უჭერს კავკასიაში არსებული ყველა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში.

”თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის იდეა”  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან 2010 წლის 23  სექტემბერს წამოწია. სააკაშვილმა თქვა, რომ არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია, არამედ ,,არის მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ეკუთვნის ევროპას”.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ”ერთიანი კავკასიის” იდეას კონცეფციაში ვერ ხედავს.

”ერთიანი კავკასიის იდეა გულისხმობს გარკვეულ ახალ ფორმატს ურთიერთობებში. ისეთი ტიპის ურთიერთობა (კულტურული თუ ეკონომიკური), რომელიც არის გამოხატული ამ კონცეფციაში, ჩვენ გვქონდა საუკუნეების განმავლობაში და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი თქმულა“, – განმარტავს არეშიძე.

„საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში თანამშრომლობისა და მშვიდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში. იქვე საუბარია იმაზე, რომ „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენები, კულტურული და ისტორიული მონაპოვარი მსოფლიო საგანძურის ნაწილია და საქართველოსთვის ძვირფასია მათ შენარჩუნება–განვითარებაზე ზრუნვა. საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ერებისა და ხალხების საერთო ძალისხმევის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გახდეს კავკასიის უნიკალური ბუნება და მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება“.

უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ცალკე ქვეთავი ეთმობა თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, სადაც მითითებულია, რომ „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის სამეზობლოში თანამშრომლობას და თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯებით ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის გადაქცევას ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად“. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მთავარ საფრთხედ კონცეფციის პროექტში დასახელებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა, ხოლო სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხად განიხილება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

კონცეფციის პროექტში ვკითხულობთ, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას“.  

 

ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მოკავშირეები

 

http://www.toonpool.com/
http://www.toonpool.com/

„საგარეო კავშირების განმტკიცება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა და მიზნად ისახავს საქართველოს ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში.

ამ კუთხით კონცეფციაში მიმოხილულია საქართველოს თანამშრომლობის საკითხები ნატოსთან და ევროკავშირთან, ხაზგასმულია თანამშრომლობის მნიშვნელობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო.

დოკუმენტით განსაზღვრულია საქართველოს მთავარი მოკავშირეები. ესენია: აშშ, უკრაინა, თურქეთი, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები. ხაზგასმულია პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ჩინეთთან, იაპონიასთან, ინდოეთთან, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან.  

”კონცეფციაში პრაქტიკულად გამორჩენილია დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობასა და ამ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივების შესახებ საუბარი, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი,” –   ამბობს „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის აზრით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ამ ქვეყნებთან ურთიერთობა შედეგის მომტანი იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების საპარლამენტო სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც გასულ კვირას გაიმართა. მათი განმარტებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კონცეფციაში აისახება, თუმცა რა სახით, ეს ჯერ დაუზუსტებელია.

 

ახალი და გამორჩენილი საფრთხეები

ხელისუფლების განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოების შეცვლილმა გარემომ და 2008 წლის ომმა გარდა იმისა, რომ საჭირო გახადა რუსეთისაგან კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის მოსალოდნელი ასახვა კონცეფციაში, ასევე, გააჩინა ახალი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც კონცეფციაში მოხდა.

ომის დროს გახშირებულმა კიბერშეტევებმა გამოიწვია ის, რომ ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების განმტკიცება ქვეყნის ერთ-ერთ ინტერესად იქცა. 

ქვეყანა უკვე მუშაობს ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. სტრატეგიას, სხვადასხვა საჯარო სამსახურებთან ერთად, საქართველოს უშიშროების საბჭო ამუშავებს.

”დოკუმენტი დაადგენს, რა სტანდარტები უნდა დანერგოს საჯარო უწყებამ თავის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, როგორ უნდა იყოს დაცული ქსელი და რა უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას მიღებული’’, – ამბობს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე.

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი მიმართულებებია განათლების, დემოგრაფიული და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა.  ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა, სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, ასევე, ეკოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა – ეს ის საკითხებია, რომლებიც წინა კონცეფციაშიც იყო ასახული, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ კონცეფციის შინაარს, ოპოზიციასა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გამორჩენილია კონცეფციაში.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოერიდა კონცეფციაში ისეთ მძიმე თემებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა რუსეთთან და მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დემარკაციის პრობლება. არეშიძე ამბობს, რომ პრობლემა ამ მხრივ აზერბაიჯანთან და რუსეთთან გვაქვს.

”აზერბაიჯანთან საზღვარს, თუ საბჭოთა საზღვრის მიხედვით გავავლებთ,  დავით გარეჯის ერთი ნაწილი აზერბაიჯანში აღმოჩნდება”, – ამბობს არეშიძე, – ”რუსეთთან რომ არ გვაქვს საზღვარი დემარკირებული, იმიტომაა, რომ 1990-ანი წლებიდან მოყოლებული, მათ უამრავი ტერიტორია წაიღეს ამ არადემარკირებულ სივრცეში”.

საზღვრების დაცვა რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესია და ეს კონცეფციაში ჩადებული უნდა იყოს, ამაზე ყურადღებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც ამახვილებს. მისი განმარტებით, საზღვრების თემის ასახვა კონცეფციაში საქართველოს საზღვრების სტაბილურობისა და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დაცვის გარანტი იქნება.

კონცეფციის საფრთხეებისა და რისკების ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს ექსპერტს ნატოს საკითხებსში ნიკა ჩიტიძეს. მისი თქმით, დოკუმენტის საფრთხეების ნაწილში, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეგზავნის შედეგად მიადგეს.

,,დივერსიული ტერორისტული აქტის განხორციელებას უკვე ჰქონდა ადგილი, ამიტომ მიმაჩნია, ამ საფრთხის ასახვა აუცილებელია კონცეფციაში’’, – განმარტავს ჩიტიძე.

კონცეფციაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლის ასახვასა და ტრადიციული კონფესიების როლის ხაზგასმას მოითხოვენ ”ქრისტიან-დემოკრატები”.

ასევე, ”ქრისტიან-დემოკრატების” მოსაზრებაა, რომ კონცეფციის გამოწვევების ნაწილში ცალკე აისახოს არასაკმარისად ინტეგრირებული, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების თემა. საუბარია რეგიონებზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს. „ქრისტიან–დემოკრატების“ აზრით, ეს საკითხი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევაა და კონცეფციაში მისი ასახვა აუცილებელია.

ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის მთავარი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს – ფიქრობენ ”ქართულ პარტიაში”, თუმცა, პარტიის წევრების მოსაზრებით, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა დღევანდელი მმართველობის რეჟიმია, რომლის შედეგადაც ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს.

”რადგან, ჩვენი აზრით, ქვეყნის მთავარ საფრთხეს დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს, ჩვენ მხოლოდ ერთ თემაზე ვართ მზად დიალოგისთვის – მათი გაშვების მექანიზმების შემუშავების თაობაზე”, – განმარტავს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი.

”თავისუფალი დემოკრატები” ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების კონცეფცია პროპაგანდისტულია, რადგან დოკუმენტში ხელისუფლების მიღწევებზეა საუბარი. პარტიაში ამბობენ, რომ კონცეფციაში აუცილებლად უნდა აისახოს აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის პერსპექტივები და ასევე, უნდა იყოს საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

”თავისუფალი არჩევნების ჩატარება რომ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გამოწვევაა, კარგად ჩანს იქიდან, რომ მთელ ამ დამოუკიდებლობის მანძილზე ქვეყანაში ხელისუფლებები რევოლუციებით იცვლებიან. ეს უნდა დასრულდეს”, – ამბობს დავით ზალკალიანი, პარტიის საგარეო საქმეთა მდივანი.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია პარლამენტში წინა კვირას უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ წარადგინა. კონცეფციის ერთი საკომიტეტო განხილვა უკვე მოეწყო.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, კონცეფციის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი გაზაფხულზე დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი