ახალი ამბები

პრემიერი: არჩევნებამდე გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის

29 იანვარი, 2016 • 1243
პრემიერი: არჩევნებამდე გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის

გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.

მანვე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.

„მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ფულადი ჯარიმებია ეს თუ სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ სამყაროში უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე,“ – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი აცხადებს, რომ შესაძლოა ვინმეს აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ, მისივე თქმით, მმართველ ძალას აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.

„გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,“ – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი