ახალი ამბები

საია: გარდაბნის #2 უბანთან ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესზე

28 იანვარი, 2016 • 1201
საია: გარდაბნის #2 უბანთან ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესზე

საია აცხადებს, რომ 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომელმაც უარყო რაიმე სახის არეულობის ფაქტი კენჭისყრის შენობაში და განაცხადა, რომ უბანზე სრული სიმშვიდე იყო.

მანამდე “სამართლიანმა არჩევნებმა” განაცხადა, რომ #2 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ISFED-ის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა, რის გამოც დაიწყო შეხლა-შემოხლა და დაზიანდა ჟურნალისტების კამერებიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] დამკვირვებლის განცხადებით, მათ უბანზე ჰქონდათ ინფორმაცია ინციდენტის თაობაზე, რომელიც უბნის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, მისი ინფორმაციით, ამას გავლენა კენჭისყრის შენობაში საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვაზე გავლენა არ მოუხდენია.

საია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან, რათა მშვიდ ვითარებაში წარიმართოს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, გარდაბნის #2 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი დროულად გამოძიონ.

“ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებში ჩართული ყველა პირის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ”, – აცხადებს საია.

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 33,13 %-მა მიიღო მონაწილეობა. გარდაბნის გამგებლობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული. შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რიგგარეშე არჩევნებს გარდაბანში 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი და 11 მედიაორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი