ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ”ნაცმოძრაობისა” და ”ოცნების” მხარდამჭერებს შორის

28 იანვარი, 2016 • 1351
ფიზიკური დაპირისპირება ”ნაცმოძრაობისა” და ”ოცნების” მხარდამჭერებს შორის

გარდაბნის #2 საარჩევნო უბანთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში და ქვების სროლაში გადაიზარდა.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა, რის გამოც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაპირისპირების შედეგად დაზიანდა ჟურნალისტების კამერებიც.

”#2 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დაპირისპირების ფაქტი ჩვენთვის დაუდგენელ პირებს შორის. ჩვენი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა, რის გამოც დაიწყო შეხლა-შემოხლა. დაზიანდა ჟურნალისტების კამერებიც. სიტუაცია განიმუხტა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აგრესიულად განწყობილი პირები გაიყვანა უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან,” – განუცხადეს ნეტგაზეთს ISFED-ში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. ენმ-ის განცხადებით, მათ მხარდამჭერებთან დაპირისპირებული ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი იარაღით. გარდაბანი, #2 საარჩევნო ოლქი. სქრინი: ტელეკომპანია პირველი

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი იარაღით. გარდაბანი, #2 საარჩევნო ოლქი. სქრინი: ტელეკომპანია პირველი

როგორც ”ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, შელაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა პირი, რომელიც თან იარაღს ატარებდა, თუმცა ის სამოქალაქო ფორმაში იყო და ვინაობის გამხელა არ ისურვა. მათი ცნობით, აღნიშნული პირი ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული.

რიგგარეშე არჩევნებს გარდაბანში 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი და 11 მედიაორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი