ახალი ამბები

კოჟორიძე წამების გამოძიების საკითხზე პროკურატურის წარმომადგენლებს და ომბუდსმენს შეხვდა

28 იანვარი, 2016 • 1393
კოჟორიძე წამების გამოძიების საკითხზე პროკურატურის წარმომადგენლებს და ომბუდსმენს შეხვდა

დღეს, 28 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე  პროკურატურის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრის თემა სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობა იყო.

პრეზიდენტის მრჩეველი შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს. კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ის საინტერესოდ წარიმართა:

”შეხვედრისას მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს პროკურატურაში არსებული ინფორმაციის კომპლექსურ დამუშავებას. რაც მიმაჩნია, რომ აუცილებლად გასაკეთებელია, რათა საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას – გაეცა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მასშტაბის პასუხი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქმეთა მოცულობიდან გამომდინარე აუცილებელია, გაიზარდოს იმ დეპარტამენტის ფინანსური და საკადრო რესურსი, რომელიც აღნიშნულ სააქმეებზე მუშაობს,” – განაცხადა კოჟორიძემ.

როგორც პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია უკვე გამოძიებულ აღნიშნული ტიპის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახური იტყობინება, შეხვედრისას მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით მის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურისგან საჯარო პასუხები მიიღო.

გიორგი მარგველაშვილის კითხვები, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით გამოძიებებს შეეხება, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ 20 ანვარს გაუგზავნა. იმავე დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი