ახალი ამბებისამართალი

პროკურატურაში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება მანანა კობახიძის სახელით გავრცელებულ პოსტზე

28 იანვარი, 2016 • 1308
პროკურატურაში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება მანანა კობახიძის სახელით გავრცელებულ პოსტზე

მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, აპირებენ თუ არა დეპუტატ მანანა კობახიძის სახელით ფეისბუკზე განთავსებული პოსტის შესწავლას, რის შესახებაც მათ თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოუწოდა.

პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთის შესაბამის შეკითხვას არ უპასუხეს. ელისაშვილმა პროკურატურას რეაგირებისაკენ კობახიძის სახელით გავრცელებული ამ კომენტარის გამო მოუწოდა:

ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბ…

Posted by Alexander Elisashvili on Wednesday, January 27, 2016

ამ საკითხს დეპუტატი მანანა კობახიძე, რომელიც ამჟამად სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმყოფება, ფეისბუკითვე გამოეხმაურა:

“კოლეგებო, ჩემი სახელით რაღაც დაუპოსტავთ ელისაშვილის გვერდზე, ვაცხადებ ეს არ არის ჩემი და თუ რაიმე საეჭვო მიიღეთ პირადში ან საჯაროდ ჩემი სახელით, ეს არ იქნება ჩემგან გამოგზავნილი”, – დაწერა კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის facebook გვერდიდან ( Manana Archil Kobakhidze ) შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილისათვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, თუ საიდან იცის წერილის ავტორმა (სავარაუდოდ, ქალბატონმა მანანა კობახიძემ ან მისმა ქმარმა) ალეკო ელისაშვილისა და მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შორის გამართული საუბრის შინაარსი ან ინფორმაცია საუბრის ჩანაწერის არსებობის შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნული გვერდიდან ალეკო ელისაშვილისათვის მიწერილი ინფორმაცია შეიცავს სავარაუდო ზეწოლისა და მუქარის ნიშნებს. ამდენად, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების გზით საჭიროა დადგინდეს წერილის ავტორის ვინაობა. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა პატიმარმა ანასტასია ზაუტაშვილმა და არა პირიქით. მიმდინარე წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრში დარეკა #5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ალეკო ელისაშვილის ადვოკატს და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსს, თამარ ავალიანს დაჟინებით სთხოვა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა. ასევე, 13 იანვარს ანასტასია ზაუტაშვილი ესაუბრა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ თამარ ლუკავას და ამ შემთხვევაშიც იგი ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას და საუბარს ითხოვდა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი