ახალი ამბები

თბილისის მეტროს 6 სადგური განახლდება

28 იანვარი, 2016 • 3364
თბილისის მეტროს 6 სადგური განახლდება

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მეტროს სისტემის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია იწყება. ამჟამად იგეგმება 6 სადგურის (ახმეტელის თეატრი, ვარკეთილი, სადგურის მოედანი 1, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი და ავლაბარი) რეაბილიტაცია.

იგეგმება მეტროსადგურ რუსთაველის კაპიტალური შეკეთებაც. მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, რუსთაველის სადგურს შეუნარჩუნდება ძველი არქიტექტურული იერსახე. განახლდება როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, განხორციელდება ელმომარაგებისა და წყლის გადაყვანის სისტემების რეაბილიტაცია, სატელეფენო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი სისტემების, ასევე, სახანძრო უსაფრთოების სისტემების სრული რეკონსტრუქცია.

2016 წელს კაპიტალურად გარემონტდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ 1, „წერეთლის“ 1, „მარჯანიშვილის“ 3 და „სადგურის მოედანი 1“-ის ესკალატორები.

მერიის ინფორმაციით, 2016 წელს დაგეგმილია 19 ვაგონის მოდერნიზება. მთლიანად იცვლება ვაგონების ინტერიერი, ექსტერიერს მიეცემა თანამედროვე სახე, შეიცვლება ძველი სანათები დიოდური განათებებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ძველი მექანიკური და კონტაქტორული დეტალები შეიცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

წელს თბილისის მეტროს 50 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიღება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს მეტროს ის თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ მეტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. ერთგულ თანამშრომლებს კი სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საზეიმო მიღების შემდეგ თბილისის მერმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მეტროსადგურის „რუსთაველი“ ქვედა ფოიეში გამართული გამოფენაც დაათვალიერა. ექსპოზიციაზე მეტროს ისტორიის ამსახველი არქივიდან 56 ფოტოსურათი იყო წარმოდგენილი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, წელს იგეგმება მეტროს განვითარება, რაც მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი