ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატი დაასახელა

27 იანვარი, 2016 • 1400
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული 6 კანდიდატის ვინაობა დაასახელა: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღესვე კანდიდატების შესახებ მონაცემები გაეგზავნება ექსპერტებსა და შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტები კი კანდიდატებს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების  – პროფესიული განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიხედვით განიხილავენ.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მომავალ კვირას ექსპერტების მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედგება კომუნიკაცია და კანდიდატურები, ექსპერტთა შეფასებებთან ერთად, წარედგინება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია პროცესი ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. ამჟამად მისი თავმჯდომარე გიორგი ქადაგიძეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.

კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი