ახალი ამბებიეკონომიკა

თურქმენეთი საქართველოში ინვესტირებითაა დაინტერესებული

27 იანვარი, 2016 • 1396
თურქმენეთი საქართველოში ინვესტირებითაა დაინტერესებული

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქმენეთი საქართველოში სასაწყობე მეურნეობითა და საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებითაა დაინტერესებული.

27 იანვარს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაიევის შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებით და საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი ვიზიტების დროს აქტიურად განიხილება თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ორმხრივი ეკონომიკური სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა.

2015 წელს სავაჭრო ბრუნვა თურქმენეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52.1%-ით გაიზარდა და 127.26 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1.3%- წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, განისაზღვრა 16.05 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს ექსპორტის 0.7% შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 60.4%-ით, განისაზღვრა 111.21 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს იმპორტის 1.4% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი