ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 48-ე ადგილზეა

27 იანვარი, 2016 • 1545
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 48-ე ადგილზეა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში 2015 წელს საქართველო 100 შესაძლებელი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო, (51 ადგილი) 2013 წელს – 49 ქულა (55-ე ადგილი) ხოლო 2014 წელს – კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” აცხადებს,  რომ ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების, ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა.

ისევე, როგორც გასულ წელს, საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. კერძოდ, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძლეთს, იტალიას და რუმინეთს.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთში (90 ქულა) და შვედეთში (89 ქულა), ყველაზე მაღალი კი – ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).

კვლევის მეთოდოლოგია

კორუფციის აღქმის ინდექსს, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლების შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ქულა 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსშi შემდეგი კვლევების მონაცემებს ემყარება:

  1. ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი
  2. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა
  3. მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი
  4. “გლობას ინსაითის” ქვეყნების რეიტინგი
  5. “ფრიდომ ჰაუსის” ტრანზიციული ქვეყნების კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი