ახალი ამბები

პრემიერი: თბილისის გენგეგმის არსებობამდე დროებითი წესები უნდა ამოქმედდეს

25 იანვარი, 2016 • 979
პრემიერი: თბილისის გენგეგმის არსებობამდე დროებითი წესები უნდა ამოქმედდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერიას მიმართავს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს.

მთავრობის ცნობით, შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის დასრულებას გარკვეული პერიოდი, დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება. გარდამავალ პერიოდში თამაშის წესების არარსებობა კი საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა თამაშის წესების არარსებობის პირობებში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.

„გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით  განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.

მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მერიის პროექტების პორტფელის პრიორიტეტები და პროექტების შესრულების ვადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი