ახალი ამბები

ომბუდსმენი: შს მინისტრმა პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა შეისწავლოს

25 იანვარი, 2016 • 1093
ომბუდსმენი: შს მინისტრმა პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა შეისწავლოს

საქართველოს სახალხო დამცველმა პატრულ–ინსპექტორის თანამდებობიდან უკანოოდ დათხოვნისა და მის მიმართ კანონის დარღვვევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით შს მინისტრს მიმართა.

ომბუდსმენის ცნობით, ყოფილი პატრულ-ინსპექტორი ვ.წ. აღნიშნავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არასათანადოდ და მიკერძოებულად გამოიკვლია პატრულ–ინსპექტორსა და მის ოცმეთაურს შორის მომხდარი ინციდენტი, რის საფუძველზეც უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან გათავისუფლების შემდეგ ვ.წ.–მ გენერალური ინსპექციის მუშაობისადმი მშვიდობიანი ფორმით გამოხატა პროტესტი, რა დროსაც სამართალდამცავებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თუმცა, ვინაიდან არ დადასტურდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა, აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული წარმოება შეიცავდა ხარვეზებს, ხოლო აღნიშნული უწყების დასკვნის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

ამავდროულად, დადგინდა, რომ დარღვეულია ვ.წ.–ს უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სამართალდამცავების მიერ ყოფილი პატრულ–ინსპექტორის ადმინისტრაციული წესით დაკავებით კი დაირღვა მისი თავისუფლების ხელშეუვალობა, ამბობს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, შეისწავლოს ვ. წ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ხელმძღვანელი პირის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, შრომის სათანადო ანაზღაურების და უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი