ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი და რედიქსი აბასთუმანში 4–ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებენ

25 იანვარი, 2016 • 2496
საპარტნიორო ფონდი და რედიქსი აბასთუმანში 4–ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებენ

საპარტნიორო ფონდის ცნობით,  კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობენ.

პროექტის მიხედვით 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნესკლუბსა და სპას.

მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 26 მლნ აშშ დოლარია.

როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. მისივე თქმით, აბასთუმანში არსებობს მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა და ეს პროექტი ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთრებაშია „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები.

ამჟამად, საპარტნიორო ფონდის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერია.  რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია სიღნაღსა და ბათუმში  (სასტუმრო „კაბადონი“ და აპარტ-ოტელი „ლე პორტი“). ამჟამად ჯგუფის მიმდინარე პროექტების პორტფოლიო მოიცავს თბილისში სასტუმრო ჰილტონის მშენებლობას ჭავჭავაძის გამზირზე (გაიხსნება 2017 წელს) და A კლასის საოფისე უძრავი ქონების მშენებლობას ლეონიძის ქუჩაზე (გაიხსნება 2016 წლის ზაფხულში).

მასალების გადაბეჭდვის წესი