ახალი ამბები

მერიის ცნობით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მერია და საპატრიარქო მიწებს არიგებდნენ

23 იანვარი, 2016 • 1386
მერიის ცნობით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მერია და საპატრიარქო მიწებს არიგებდნენ
თბილისის მერია აცხადებს, რომ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, თითქოს მერია და საპატრიარქო მახათას მთაზე მიწებს მიზერულ ფასად ასხვისებდა, მოქალაქეებმა მიწის ნაკვეთები თვითნებურად შემოსაზღვრეს.
თბილისის მერია უარყოფს მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გადაცემას და განმარტავს, რომ ეს ტერიტორია მოიცავს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ ნაკვეთებს,
“შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული პირები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ”, – აცხადებს მერია.
სიტუაციის გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე.  თვითნებურად შემოსაზღვრული ტერიტორიები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს.
მახათას მტაზე მოქალაქეებმა ტერიტორიები თვითნებურად შემოსაღვრეს

მახათას მტაზე მოქალაქეებმა ტერიტორიები თვითნებურად შემოსაღვრეს

“აქ მიმდინარეობდა ტერიტორიების თვითნებური დაკავება. მე მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი და მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიებზე რიგდებოდა ქონება. ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაა, ასევე, რაღაც ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, არსებობს კანონი, თუ როგორ უნდა გასხვისდეს ქონება და მათი ქმედებები კანონის ფარგლებს სცდება. ვფიქრობ, უნდა გაირკვეს, თუ ვინ და რატომ შეიყვანა მოსახლეობა შეცდომაში”, – განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ.
მერიის ცნობით, არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას ილია მეორის მდივანი მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა.
მახათას მტაზე მოქალაქეებმა ტერიტორიები თვითნებურად შემოსაღვრეს

მახათას მტაზე მოქალაქეებმა ტერიტორიები თვითნებურად შემოსაღვრეს

“ეს ინფორმაცია არ არის სწორი. მახათას მთის მიმდებარედ მართლაც აქვს საპატრიარქოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მაგრამ იქ ან უკვე მოქმედებს მონასტერი, ან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერანაირ მიწას საპატრიარქო ვერ გასცემს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, რომელსაც საპატრიარქო ფლობს და სახელმწიფოსგან აქვს მიღებული, არ სხვისდება, არათუ იყიდება. მე  მოვისმინე ისიც, რომ რაღაც სიმბოლურ თანხებსაც კი ასახელებენ, თითქოს ამ თანხებად იყიდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიწის ნაკვეთი ჩვენ გასაცემი არ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ არც გვაქვს ამის უფლება. მე მინდა მოვუწოდო შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ამის გამო პასუხს მოჰკითხავს”, – აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ტერიტორიების რაიმე სახის შემოღობვისგან, რადგანაც საკუთრების უფლებას იცავს როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტები და მათი დარღვევა წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი