თბილისის ოპერის გახსნის ერთკვირიანი პროგრამა 25 იანვრიდან დაიწყება

30 იანვარს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნაზე “აბესალომ და ეთერის” ჩვენება საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება.

ოპერის თეატრი სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება, რომელშიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული ლადო ათანელი და თამარ ივერი მიიღებენ მონაწილეობას. ახალი დადგმის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა, ხოლო მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი.

გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში თეატრის 100-წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია იგეგმება. ასევე დაგეგმილია ფოტოგამოფენა “ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

დღეს, 23 იანვარს, თბილისის საკრებულოში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი, ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი,უძღვებოდნენ.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის განახლება 2010 წელს დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. პროექტის მთავარი არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილია.

30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული ადამიანები შეძლებენ – თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლები. ამ საკითხზე ნეტგაზეთის სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გახსნისადმი მიძღვნილი ერთკვირიანი პროგრამა:

25 იანვარი, 18:00 საათი 
„ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ – წიგნის პრეზენტაცია;

(ოპერისა და ბალეტის თეატრი; მის: რუსთაველის გამზირი 25)

26 იანვარი 16:00 საათი
– „ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა;“
(ხელოვნების სასახლე; მის:ია კარგარეთელის ქ. 6)

27 იანვარი 18:00 საათი – ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია;
(ეროვნული მუზეუმი ე.წ. BP-ის დარბაზი)

28 იანვარი 16:00 საათი – ფოტოგამოფენა – „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“;
(ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი – სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის დ. აღმაშენებლის გამზ. 123/125)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ანა გვარიშვილი იყო "ნეტგაზეთის" სტაჟიორი რეპორტიორი 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე