ახალი ამბებისაზოგადოება

სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია სურბ სარგისის ხსენების დღეს აღნიშნავს

23 იანვარი, 2016 • 2040
სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია სურბ სარგისის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს, 23 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულისა და ახალგაზრდების მფარველის, წმინდა სარგისის/სურბ სარგისის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა სარგისის ხსენების დღე აღნიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამაც. 22 იანვარს მართმადიდებელმა მრევლმა წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება შეასრულა.

საქართველოს სახალხო დამცველმა სომეხთა ეკლესიის მრევლს მიულოცა წმინდანის ხსენების დღე და აღნიშნა, რომ დღსასწაული “გამორჩეული წმინდანის ხსოვნას ეძღვნება და ის  მდიდარია ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით.”

წმინდა სარგისის ხსენების დღე მოძრავი დღესასწაულია. ის წელს 23 იანვარს აღინიშნება, ხოლო 2017 წელს 11 თებერვალს აღნიშნავენ. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ გარეგინ II-ის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ.

სურბ სარგისის წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება თბილისში. 22.01.2016 ფოტო: Hayartun

სურბ სარგისის წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება თბილისში. 22.01.2016 ფოტო: Hayartun

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, 285-337 წლებში მცხოვრები სარგისი, რომელიც სომეხთა გაერთიანებულ რაზმებს ხელმძღვანელობდა მისი ვაჟი მარტიროსი და 14 ჯარისკაცი ქრისტინობის გამო აწამეს.

ეკლესიის განმარტებით, სურბ სარგისის დღესასწაულს წინ უსწრებს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ დაწესებული „არაჯავორაც“ მარხვა. სურბ სარგისის დღესასწაული სომხეთში აღინიშნება არა მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვით,   არამედ ხალხური ტრადიციებითაც. დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერს, რასაც უკავშირებენ მათი სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას.

ამ დღის ერთ-ერთი წეს-ჩვეულებაა სახურავზე ან აივანზე ფოხინდის (მოხალული პურის ფქვილის) ლანგრის დადება, რომ სურბ სარგისმა ჩაიქროლოს ცხენით და ვის ლანგარზეც დატოვებს სანუკვარ კვალს, იმ მორწმუნეს ამ წელს აუხდება სანუკვარი ოცნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი