ახალი ამბები

მთავრობის განცხადებით, 2008 წლამდე დაწყებულ და შეჩერებულ მშენებლობებს წაახალისებს

23 იანვარი, 2016 • 1119
მთავრობის განცხადებით, 2008 წლამდე დაწყებულ და შეჩერებულ მშენებლობებს წაახალისებს

დღეს, 23 იანვარს გამართულ მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2008 წლამდე დაწყებული და შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა.

სდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებზწ და მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებზე, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხებზე.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი