ახალი ამბები

ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდი ხვალ გაიხსნება

10 თებერვალი, 2011 • • 1327
ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდი ხვალ გაიხსნება

ბერლინის კინოფესტივალის ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდი ხვალ გაიხსნება.

როგორც კინოცენტრის დირექტორის მოადგილე, სალომე სეფაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, სტენდი  დღეს აეწყობა და ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი ბერლინში ხვალ გაემგზავრება.

სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების ტრეილერები, ინფორმაცია საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ, ასევე ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურა.

კინოფესტივალის მიმდინარეობისას თამარ ტატიშვილს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მათ შორის, ევროპული ტრეინინგ პროექტების და ქსელური განვთითარების პროგრამის წარმომადგენლებთან, ასევე რობერტ ბოშის ფონდის ხელმძღვანელთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„პროექტები, რომლებმაც კინოცენტრისგან აიღეს დაფინანსება და ეძებენ ალტერნატიული დაფინანსების წყაროს, ასევე იქნება წარმოდგენილი საქართველოს სტენდზე“,–ამბობს სალომე სეფაშვილი.

ერთ–ერთი ასეთი პროექტი ნინო კირთაძის ფილმია– „როცა თეთრი ვარსკვლავები გამოჩნდებიან“.

„ყველა კავშირმა და კონტაქტმა შეიძლება შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს არის დასაწყისი. ეს არის კარგი საშუალება, რომ მოიძიო ალტერნატიული დაფინანსება და ეძიო ის დარჩენილი თანხები, რაც გჭირდება იმისათვის, რომ ფილმი აწარმოო“,–ამბობს სალომე სეფაშვილი.

გარდა იმისა, რომ სტენდზე წარმოდგენილი იქნება წარმოებაში მყოფი ქართული ფილმები, სეფაშვილი ამბობს, რომ სდენტის გამოყენება შეუძლიათ იმ რეჟისორებს თუ პროდიუსერებსაც, რომლებმაც ფილმები კინოცენტრის დაფინანსების გარეშე გადაიღეს.

„დღეს წავიდნენ ვოვა კაჭარავა, ბესო სოლომონაშვილი, მათ აქვთ პროექტი, რომელსაც ჯერ არ აქვთ კინოცენტრის მხარდაჭერა“,–ამბობს სეფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი