ახალი ამბები

GNCC: ქართული დამწერლობით ინტერნეტმისამართების გამოყენება შესაძლებელი ხდება

22 იანვარი, 2016 • 1036
GNCC: ქართული დამწერლობით ინტერნეტმისამართების გამოყენება შესაძლებელი ხდება

GNCC აცხადებს, რომ ქართული დამწერლობით ინტერნეტმისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი – მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა და შემდეგი დაბოლოებით “.გე “.

ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს არალათინური დამწერლობის გამოყენებით გლობალურ ქსელში დომენური სახელწოდებების გამოყენების პროცესში, რომლებიც სლავურ-კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ და ებრაულ დამწერლობას იყენებენ.

“სიახლე ქართული ინტერნეტ-სივრცისათვის რამოდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. გლობალიზაციის პროცესის ფონზე ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე, ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით ინტერნეტის მოხმარებას შეძლებს გაცილებით მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ფლობს უცხო ენას; ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით, მოსახლეობა შეძლებს დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს ქართული ვებ-გვერდები, მაგალითად, თუნდაც ინტერნეტ-ბანკინგი, ან შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტ-გვერდები და სხვა”, – წერია GNCC -ს განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, .გე ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის, ონლაინ პროცედურით საიტზე რეგისტრაცია.გე.

მასალების გადაბეჭდვის წესი