ახალი ამბები

გადამზიდავი კომპანიები მძღოლების სამუშაო პირობებს მომავალ კვირაში წარადგენენ

10 თებერვალი, 2011 • 1060
გადამზიდავი კომპანიები მძღოლების სამუშაო პირობებს მომავალ კვირაში წარადგენენ

თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ “ნეტგაზეთთან”  საუბარში განაცხადა, რომ ამ საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან მხოლოდ გუშინ შედგა.

„შეხვედრა დახურული იყო. ჯერ ვადგენთ, რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვისია ხაზი, ვისია სამარშრუტო ტაქსი. ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად. ზოგს 2–3– წლიანი კრედიტით ჰქონდა სამარშრუტო ტაქსი ნაყიდი. ამ შემთხვევაში ვადა უნდა მიეცეს მათ“,  –აცხადებს ალანია.

საბოლოო სურათი, როგორც ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, სამშაბათს ექნებათ, რის შემდეგაც უკვე მძღოლების სამუშაო პირობებსაც წარადგენენ.

ჯერ უცნობია, როგორი პირობებით იმუშვებენ მძღოლები ახალ სამარშრუტო ტაქსებზე და რა ოდენობის ხელფასი დაენიშნებათ მათ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მძღოლებს დაზღვევა ექნებათ. ამის შესახებ განცხადება 1 თებერვალს ერთი–ერთი გამარჯვებული კომპანიის  – „თბილისი ლაინის“ წარმომადგენელმა დავით ასანიძემ გააკეთა.

სამივე გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც ერთი მძღოლი სამუშაოს გარეშე არ დარჩება.

„სხვა თუ არაფერი, სხვა სამი ათასი მძღოლის პოვნა გაგვიჭირდება. პირიქით, მძღოლების რიცხვი გაიზრდება“–განაცხადა ასანიძემ.

ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსების ხაზების კორექტირება მოხდება.

„არის თანხვედრი მარშრუტები, რასთანაც ჩვენ ადრევე გქვონდა პრეტენზია, ამის კორექტირება მოხდება. ზოგადად კი, მერიის მიერ დადგენილი მარშრუტები დარჩება, შესაძლებელია დაემატოს კიდეც“, –ამბობს ალანია.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომდგენლები პირობას დებენ, რომ  2011 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში მგზავრები კომფორტულად და უსაფრთხოდ ივლიან.

როგორც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ერთ–ერთი კომპანიის შპს „თბილისი ლაინის“ წარმომადგენელმა დავით ასანიძემ აღნიშნა, ახალ სამარშრუტო ტაქსებს თურქეთიდან შემოიყვანენ, ყველა მათგანი ყვითელი ფერის, ფორდის ფირმის და კონდიცირებით აღჭურვილი იქნება.

ძველი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება და 2011 წლის ოქტომბრისთვის პროცესი დასრულდება.

რაც შეეხება დღეს მოქმედ სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ აღნიშნა, მათ მეპატრონეებს შეუძლიათ გაყიდონ ისინი, ან ავტოფარეხში იქონიონ.

თბილისის მერიის კონკურსში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად შემდეგმა კომპანიებმა გაიმარჯვეს:

ვაკესაბურთალოს რაიონი  –  შპსთბილ ლაინი

ძველი თბილისიდიდგორის რაიონიშპსკაპიტალ გრუპი

დიდუბეჩუღურეთის რაიონიშპსთბილ ქარი

გლდანინაძალადევის რაიონიშპსთბილ ლაინი

ისანისამგორის რაიონიშპსფაბლიქ ქარი

თბილისის მერიამ კონკურსი 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიებს ნებართვა ერთჯერადად, 20 წლის ვადით ეძლევათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი