ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

22 იანვარი, 2016 • 1008
გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

“ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა მე მას ვიცნობდი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, დღეს კი მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ”- განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კვირიკაშილმა ნატის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტ აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუშიც, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ბლოგზეა გამოქვეყნებული. ინტერვიუ ელ-ფოსტის მეშვეობით განხორციელდა.

კვირიკაშვილის თქმით, ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს ოცნების რეალობად ქცევა მისი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

“ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ მოველით მყისიერ წინსვლას ინტეგრაციის პროცესში. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ ეს პროცესი არ არის შეჩერებული და რომ მას მოაქვს ხელშესახები შედეგები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი