ახალი ამბები

თენგიზ ვერულავა: საყოველთაო ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები არასაკმარისია

22 იანვარი, 2016 • 2603
თენგიზ ვერულავა: საყოველთაო ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები არასაკმარისია

ჯანდაცვის არასაკმარისი დაფინანსება, სახელმწიფო ფულის სწორად ხარჯვის პრობლემა და რეკომენდაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობისთვის, – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ ვერულავა ნეტგაზეთთან საუბრობს.

როგორ შეიძლება შეაფასოთ ან შეაჯამოთ 2015 წლის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა? ალბათ, მისი დაფინანსების საკითხებით დაიწყებთ

სისტემური შეფასება რომ გავაკეთოთ, რა ტენდენციებია 2015 წელს და როგორ გადავდივართ 2016-ში, ერთადერთი კარგი ტენდენცია გახლავთ ის, რომ პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან იზრდება. თუმცა საქართველოში მაინც არ არის საკმარისი დაფინანსება, ისეთი, როგორიც ნორმალურ განვითარებად, საშუალო დონის ქვეყნებშია. არ არის იმდენი თანხა გამოყოფილი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ნორმალურად იფუნქციონიროს. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ის საკმარისი დაფინანსება, რაც ჯანდაცვას სჭირდება.

ეს გახლავთ დათვლილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს კრიტერიუმი, რამდენი უნდა გამოიყოს – 40% მთლიანი სახელმწიფო დანახარჯის. ჩვენ 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტით ვუახლოვდებით მინიმუმს, მხოლოდ ახლა, მთელი 25 წლის თავზე. ამ მხრივ, მეზობელ ქვეყნებს, აფრიკის ქვეყნებსაც ჩამოვრჩებით. 2016 წელს 800 მილიონი ლარი გამოიყოფა საყოველთაო ჯანდაცვაზე.

თუმცა, ამავე დროს, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრებაც, რომ ძალიან მაღალია საყოველთაო ჯანდაცვაზე დანახარჯები.

ეს არის შეცდომა. ბევრი არაექსპერტი ამბობს, თითქოს ეკონომიკას ართმევს მათ ჯანდაცვა. მომისმენია მოსაზრებაც, – არ გავერთიანდები საყოველთაო ჯანდაცვაში იმიტომ, რომ ეს ეკონომიკას ხელს უშლის. საქართველო დიდ თანხას კი არა, დაბალგანვითარებული ქვეყნის დონეზე ხარჯავს ფულს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის იმდენი, რაც საჭიროა. ეს არის ამოსავალი. უმწეოთა პროგრამის, საყოველთაო ჯანდაცვის პარალალურად, არ არის მედიკამენტების პროგრამა. ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც უმწეოთა პროგრამებში ჩართულ ადამიანებს აძლევენ მედიკამენტების პაკეტს.

ჯანდაცვის უმთავრესი მიზანი გახლავთ მოსახლეობის დაცვა კატასტროფული ხარჯებისგან. თუ შენ [სახელმწიფომ] არ დაიცავი მოსახლეობა კატასტროფული ხარჯებისგან, მაშინ ეს ჯანდაცვა მიზანს ვერ აღწევს. მაგალითად, ბანგლადეში, იქ არის მედიკამენტების გარკვეული პაკეტი, და არა მხოლოდ უმწეოთათვის, ქრონიკული ავადმყოფებისთვისაც. ამათან, მე არ ვადარებ საქართველოს ევროპის ქვეყნებს.

აქ აცხადებენ, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა ყველა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას აჭარბებს ჯანდაცვის ხარჯები. ეს ბუნებრივად ხდება, ყოველწლიურად შემოდის ახალ-ახალი მედიკამენტები, ახალი მოწყობილობა დანადგარები, ვინ უნდა გადაიხადოს ეს ფული, ან მე უნდა გადავიხადო, ან სახელმწიფომ. ეს თავისთავად ზრდის ხარჯებს და ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგებით.

მთავარია, ვიცით, რომ ეს მაღალხარჯვადია და ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხარჯების შეკავების მექანიზმები დაინერგოს.

ანუ ის ბიუჯეტი, რომელიც არსებობს, ხარჯთეფექტური არ არის? შესაბამისად, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

რამდენი თანხაც გინდა გამოყავი, სისტემა არ გვხვდება ხარჯთეფექტური. თუ საძირკველი არ გაქვს, ყველგან გეპნევა ეს ფული. ერთია, გამოყო თანხები და მეორეა, როგორ ხარჯო ეს ფული. ეფექტურად რომ ხარჯო, უნდა დახვდეს სისტემა.

დღეს მსოფლიო ფიქრობს ამ მექანიზმებზე. ეს მექანიზმებია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, საკუთრების ფორმების არსებობა და სადაზღვევო კომპანიების დამფინანსებებლი სისტემის კონკურენტული მოდელი. ევროპაში რომ ნახეს ჯანდაცვის ხარჯები იზრდება, შემოიღეს მართული კონკურენციის პრინციპი, ანუ რაც შეიძლება მეტად შემოვიდეს ბაზრის ელემენტები, მაგრამ რასაც ბაზრის ელემენტები ვერ გააკეთებს, იქ საჭიროა სახელმწიფო რეგულირება. სიმბიოზი უნდა იყოს. ამასთან, მრავალი სადაზღვევო კომპანია უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მართვაში. კონკურენცია უნდა იყოს კომპანიებს შორის, როგორ მართონ სახელმწიფო თანხა.

მაგალითად, გადაუდებელი ქირურგიის ხარჯები 400%-ით გაიზრდა. რატომ? სისტემა ვერ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს. ექიმი, მაგალითად, ჩხოროწყუში რამდენად გაზრდის გადაუდებელ ქურურგიას, ვერ გაიგებ. ამას მხოლოდ მრავალი დამფინანსებელი სისტემა სჭირდება, რომელიც ისე კი არ უნდა ჩაკეტო, როგორც წინა მთავრობამ ჩაკეტა ერთ რაიონში, რაც კიდევ უფრო უარესი და აბსოლუტურად უკონტროლოა.

გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის სისტემა თუ არ არის განვითარებული, რომელიც არის სისტემის საძირკველი, ყველა რეფორმა ჩავარდება. ჯანდაცვა მოითხოვს აგენტურ ურთიერთობებს, შენ უნდა გყავდეს აგენტი ოჯახის ექიმის სახით, რომელიც გირჩევს სად უნდა წახვიდე, რა გამოკვლევები გაიკეთო. თუ არ გყავს ოჯახის ექიმი, დაბნეული ხარ, უნდა მიადგე სამედიცინო დაწესებულებას და ყველა გამოკვლევა გაიკეთო, რაც ხარჯთეფექტური არ არის, დაუსაბუთებელი და არასაჭიროა.

ჩვეულებრივ ეკონომიკაში თუ მომხმარებელი განსაზღვრავს მოთხოვნას, ჯანდაცვაში მე არ ვიცი არაფერი და ყველაფერს მისაზღვრავს მიმწოდებელი – აგენტი, ოჯახის ექიმი.

გარდა ამისა, ბოლო წლებში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის მხოლოდ უკიდურესად ორი ფორმა გვაქვს – შპს [კერძო] და მხოლოდ 10% სახელმწიფო. ქვეყანაში არ არსებობს საკუთრების სხვა ფორმები, იგივე არამომგებიანი, არაკომერციული საავადმყოფოები, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელები, რასაც გვეუბნება თავად მსოფლიო გამოცდილება. თუ ქვეყანაში არსებობს არამომგებიანი საავადმყოფოები, სახელმწიფო უფრო მოქნილი გახლავთ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. არამომგებიან საავადმყოფოებში როდესაც სახელმწიფო პროგრამების თანხა შემოდის, მოგება სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.

ევროპაში არაკომერციულ საავადმყოფოებს 80% უკავია. შტატების მაგალითიც რომ ავიღოთ, სადღაც 51% უკავია არაკომერციულ საავადმყოფოებს. ეს ფაქტორიც ხელს უშლის ჯანდაცვის სისტემაც ნორმალურად ფუნქციონირებას. ეს არის სისტემის პრობლემა. პირველადი ჯანდაცვაც რომ არ არის განვითარებული ქვეყანაში, ესეც სისტემის პრობლემაა. რაც გინდა რეფორმა შექმენი, ყველაფერი ჩაგეშლება, თუ შენ სისტემურად არ გაქვს მექანიზმები.

ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ახსენეთ, რამდენიმე წელია ჯანდაცვის უწყება ამ თემაზე მუშაობს, რამდენად განვითარებულია ოჯახის ექიმის ინსტიტუტი დღეს საქართველოში?

არ არის განვითარებელი. მხოლოდ ის კი არ არის, ვინმეს ოჯახის ექიმი დაარქვა. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ანაზღაურება. მას ყველა უნარი უნდა ჰქონდეს, რომ გააგზავნოს პაციენტი შესაბამის სპეციალისტთან.

ანუ 2016 წელს გაზრდილი დაფინანსებით, მაგრამ ისევ მოუმზადებელი შეხვდება სისტემა?

ცხადია, ვერ ხვდება მომზადებული. მაგრამ კარგია, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო პირველადი ჯანდაცვის თემაზე აქცენტირება. მეორე, უკვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კერძო პარტნიორული ურთიერთობის მოდელები უნდა დაამყაროს – ბავშვთა საავადმყოფო, ონკოლოგიური საავადმყოფო იქნება სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელები. ესეც მისასალმებელია. ეს სისტემური მექანიზმები აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული და წარმოდგენილი. ამასთან, უნდა კეთდებოდეს ხარჯთეფექტურობის ანალიზი.

თენგიზ ვერულავა

თენგიზ ვერულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი