ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის მიზეზი

8 თებერვალი, 2011 • 1100
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის მიზეზი

საქართველოს მთავრობის პრესსპიკერი ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის მიზეზი სამინისტროს მრავალი ფუქნცია იყო.  

„სამინისტროს რეორგანიზაციის მიზეზი გახდა ის, რომ ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდა, დაახლოებით– 137, რომელსაც უბრალოდ ვერ აუდიოდა. ეს ის ფუნქციები იყო, რაც სამინისტროს პროფილში არ ჯდებოდა. აქედან გამომდინარე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“, –აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია დღეს გაიგეს. სამინისტროში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა.

– “ცვლილებების ძირითადი შინაარსი არის შემდეგი: გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები გაეყოფა, გარემოს დაცვის საკითხები და ეკოლოგიური საკითხები დარჩება ამავე სამინისტროში, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების საკითხებს და ლიცენზირებას, გამოეყოფა და შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტროს. ენერგეტიკის სამინისტრო გადაკეთდება სხვა პროფილის სამინისტროდ, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო იქნება. დღეს ენერგეტიკის სამინისტრო სწორედ ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობს, ჰიდრორესურსების ათვისებაზე. მთლიანად ლიცენზირებას და ბუნებრივი რესურსების ათვისებას და გამოყენებას რაც შეეხება, ამ სამინისტროში შევა. სწორად ეს სამინისტრო იქნება ამ საკითხების კურატორი. დაცული ტერიტორიები შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს ისეთივე სსიპ-ის სახით, როგორიც არის ტურიზმის სსიპ-ი დღეს ეკონომიკის სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტროდან გადავა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზირების, აუქციონების მოწყობის საკითხი, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროშია. დეტალები ძალიან ბევრია და ამაზე მუშაობა გაგრძელდება”, –განაცხადა ნიკა გილაურმა.

მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ–მინისტრს სამინისტროს რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა დაავალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი