ახალი ამბები

აქციის “მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა” მონაწილე აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურმა დაარტყა

21 იანვარი, 2016 • 1103
აქციის “მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა” მონაწილე აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურმა დაარტყა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგსტრაციის აკრძალვის გასაპროტესტებლად დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საკომიტეტო მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართა, რომლის ერთ–ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მას დაარტყა.

“აქციაზე მოვედი და რომ დასვუსტვინე, ხელი გამარტყა. რატომ გამარტყა?”- აცხადებს აქციის მონაწილე არტურ არუთინოვი.

ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილისათვის ხელი არ დაურტყამს, თუმცა აღნიშნა, რომ “ნერვების მომშლელია, რომ უსტვენს და იგინებიან”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ეს ინციდენტია ასახული:

მეჭიაური აქციის მონაწილეს ურტყამს. ბიძინა დაგიფასებს :))

Posted by Irma Nadirashvili on Thursday, January 21, 2016

აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მარცხენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტით, 2016 წლის 1 მარტიდან რეგისტრაციას არ უნდა დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხენა მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ. საკომიტეტო მოსმენაზე დღეს სწორედ ეს კანონპროექტი განიხილეს.  

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას ამ ცვლილებებზე უარი უნდა ათქმევინონ. გარდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგსტრაციის აკრძალვისა, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან 9 წელს ზემოთ ავტმობილებზე აქციზის ფასის ზრდას და 100–ქულიანი სისტემის შემოღებასაც.

“აუცილებელია კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ მთავრობის აღნიშნული მახინჯი გადაწყვეტილება. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მთავრობას, რომ არც ჩვენ არ დავიხევთ უკან არც ერთი ნაბიჯით!!! და უარი ვათქმევინოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე,”– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი