ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები აქციას გამართავენ და მთავრობისგან მხარდაჭერას მოითხოვენ

21 იანვარი, 2016 • 1360
ჭიათურელი მაღაროელები აქციას გამართავენ და მთავრობისგან მხარდაჭერას მოითხოვენ

დღეს, 12 საათზე ჭიათურაში ,,ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატთან მაღაროელები  აქციას გამართავენ მოთხოვნით, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მათ სამუშაო უფლებების დაცვაში.

აქცია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართება.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პაატა სამხარაძის თქმით, 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ შეთანხმებაზე ხელმძღვანელობამ მაღაროელებს იძულების წესით მოაწერინა ხელი.

სამხარაძის თქმით, დასაქმებულ მაღაროელებს არ მისცეს საშუალება, რომ თავად გასცნობოდნენ შეთანხმების პირობებს.

სამხარაძის თქმით, შეთანხმების მიხედვით, ბაზარზე არსებული კრიზისის გამო საწარმოს ჭარბი პროდუქცია დაუგროვდა, ამიტომაც 20 მაისამდე სპეციალურ რეჟიმზე გადადის, რაც იმას გულისმხობს, რომ საწარმო 20 მაისამდე წყვეტს მუშაობას.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, განმარტავს პაატა სამხარაძე, ჭიათურელ მაღაროელებს ევალებათ, რომ 1 აპრილიდან 20 აპრილამდე სამსახურში გამოცხადნენ სამუშაო გრაფიკის დასაგეგმად. ვინც სამსახურში არ გამოცხადდება,  ავტომატურად დაკარგავს სამუშაო ადგილს.

სამხარაძის განმარტებით, 20 მაისამდე საწარმო მუშებს ხელფასის მხოლოდ 60%-ს აუნაზღაურებს. მაღაროელები მოთხოვენ, რომ მთავრობამ მაღაროელებს ხელფასის 40% აუნაზღაუროს.

“მთავრობისგან გარანტიებს ვითხოვთ, რომ სამუშაო ადგილები არ დაიკარგოს და 4 თვის შემდეგ საწარმო ჩვეულებრივ დაიწყებს მუშაობას. ვითხოვთ მთავრობისგან, დანაკლისი შეავსოს, [ხელფასის] 60%-ს კომპანია იხდის და 40% მთავრობამ თავისი სარეზერვო ფონდიდან შეავსოს და ჭიათურა არ დატოვოს უბედურ მდგომარეობაში. მაინცდამაინც სეტყვა უნდა მოვიდეს ან რამე ისეთი, კახეთში და სხვა რეგიონებში რომ ეხმარებიან?.. იგივე სიტუაციაა ჭიათურაში უნდა მიაქციონ ყურადღება ხალხის სიტუაციას”, – განაცხადა პაატა სამხარაძემ.

პაატა სამხარაძის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ შვებულება აუნაზღაურებელი არ დარჩეთ. იმედი აქვთ, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

“ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროელებმა აქციები 2014 წლის დეკემბერშიც გამართეს, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელი კომპანიის დირექტორ ვოლოდიმირ ლოზინსკისთან შეხვედრას ითხოვნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი