ახალი ამბები

ქართული პრესის დაიჯესტი

8 თებერვალი, 2011 • 1027
ქართული პრესის დაიჯესტი

სტელაჟი
სტელაჟი

გაზეთი “ვერსია” მკითხველს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარის, ირაკლი ანდრიაძის ინტერვიუს სთავაზობს სადაც მოთხრობილია იმ მიზეზების შესახებ, რამაც გამოიწვია საკათედრო ტაძრის მიწისქვეშა გალერეის დაზიანება. ადრიაძე “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ შეცდომა დაშვებული იქნა მაშინ, როცა შეიცვალა ის პროექტი, რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. ფონდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდაპირველი პროექტით მოედნის ქვემოთ უნდა ყოფილიყო ტექნიკური სართული, სადაც დამონტაჟდებოდა მილები, რის მეშვეობითაც მოხდებოდა წყლის გადინება, მაგრამ, მისი თმით, იმის გამო, რომ სულ სხვა გეგმა მიიტანეს პატრიარქთან, ასე არ მოხდა. ანდრიაძე დამატებით დასძენს, რომ კიდევ ერთი მიზეზი არსებული პრობლემისა ისაა, რომ არ შეიქმნა საექსპლუატაციო ჯგუფი. საჭირო იყო იქ დამონტაჟებული მილების რეგულარული ზედამხედველობა. ამ ეტაპზე ზედამხედველობას სულ სამი კაცი –2 ელექტრიკოსი და ერთი კონდიციონერის სპეციალისტი– ახორციელებს, რაც საკმარისი არ არის ისეთი კომპლექსისთვის, როგორიც სამების ტაძარია. ირაკლი ანდრიაძე იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ ვერ მოხერხდა საექსპლუატაციო ჯგუფის შექმნა მის ფონდში და მთავარ პრობლემად დაფინანსების შეწყვეტას ასახელებს. დასასრულს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი ფონდი წვყეტს არსებობას, რადგანაც დღეს უკვე არაფერს ეკითხებიან სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მიმდინარე სამუშაოებზე.

გაზეთი “კვირის პალიტრა” მკითხველს ფორუმის ლიდერ გუბაზ სანიკიძის ინტერვიუს სთავაზობს, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველოში მართული რევოლუციის საფრთხეს ხედავს. სანიკიძე მიიჩნევს, რომ მართული რევოლუცია სავსებით რეალურია მაშინ, როცა საზოგადოებაში ასეთი ნიჰილიზმია, ოპოზიციის ავტორიტეტი განულებულია და უკვე იმაზეც შეიძლება მსჯელობა, ხელისუფლება უფრო არაპოპულარულია თუ ოპოზიცია. რაც შეეხება დეტალებს, ფორუმის ლიდერი დასძენს, რომ მართული რევოლუციის წინაპირობა სოციალური ვითარებაა და ანალოგებს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე აკეთებს. საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კი დასძენს, რომ სააკაშვილს პრემიერად არავინ მოუშვებს და ის ზედმეტია, მაგრამ ნაცმოძრაობაში მყოფ ადამიანებს ხელისუფელბაში დარჩენა უნდათ, ამიტომ ახლა შუაზე გაიყოფიან და დაიწყებენ რაღაცეების პროვოცირებას.  “კვირის პალიტრასთან” სანიკიძე აცხადებს, რომ როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერი არ არის, გამოჩნდებიან ახალი ჯგუფები, იქნება სულისკვეთება, მაგრამ –ძველი სახეები. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდში ორი ჯგუფია გამოკვეთილი: პირველი– ბაქრაძის, რომელსაც მერაბიშვილი უმაგრებს ზურგს და მეორე– ბოკერია, უგულავა, თავისუფლების ინსტიტუტის დაჯგუფება, რომელიც სპექტაკლის დადგმას აპირებს ვარდების რევოლუციის სახით და დასძენს, რომ როგორც შევარდნაძე გადააგდეს, ისე გადააგდებენ სააკაშვილსაც. ეროვნული ფორუმის ლიდერი სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამოცანა  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა უნდა გახდეს, მიტინგების მოწყობა, ჩხუბი და თავპირისდამტვრევაც კი, მერე რიგგარეშე არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება. სანიკიძე დასძენს, რომ ეს არ არის საერთაშორისო სიტუაციიდან ამოვარდნილი პროცესი.

ოპოზიციის მიერ ხელისუფლების შეცვლის რესურსის უქონლობის შესახებ საუბრობს სოსო ცინცაძე გაზეთ რეზონანსის “მთელი კვირის” ფურცლებიდან. ცინცაძე მიიჩნევს, რომ რევოლუციები არ ხდება იქ, სადაც ხალხი ცუდად ცხოვრობს, არამედ იქ, სადაც ხალხს სჯერა ქუჩის აქციებისა და რევოლუციის შემდეგ უკეთ ცხოვრების.  ჩვენს ხალხს არ სჯერა, რომ რევოლუციის შემდეგ უკეთ იცხოვრებს. პოლიტოლოგი ეგვიპტის მოვლენებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ სახალხო მღელვარებას და სოციალურ აფეთქებას საქართველოში არ ელის. ოპოზიციის უნართან დაკავშირებით, ხელისუფლება ჩაანაცვლოს, ცინცაძე დასძენს, რომ არც ერთ ოპოზიციას არ შეუძლია დღეს არჩევნების მოგება, რადგანაც  სუსტია. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ოპოზიციის მოთხოვნებს, ბიომეტრული პასპორტებით შეაჩეროს გაყალბება, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ასე არ ხდება და აცხადებს, რომ ერთადერთი საშუალება ელექტორატის მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა.

დღევანდელი “კვირის ქრონიკა” ვეტერანების თემას ეხმიანება სტატიაში: “ხელისუფლება დარბეული ვეტერანების მოქრთამვას ცდილობს”. ინტერვიუში ვეტერანი ნარგიზა ჭანტურია საინტერესო დეტალებს ახმოვანებს და აცხადებს, რომ რამოდენიმე დღის წინ შესთავაზეს “ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის არასამთავრობო დემოკრატიული კავშირიდან” მათ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რის სანაცვლოდაც პენსიას ან კომპენსაციას მიიღებდნენ ლიბერთი ბანკში. ვეტერანის თქმით, თანხას იძლევა საზღვარგარეთის ერთ-ერთი ქვეყანა, რაც თითო ვეტერანზე ყოველთვიურად 40 ლარს შეადგენს. ჭანტურია  “კვირის ქრონიკასთან” ინტერვიუში ინტერესს გამოთქვამს თანხის გამცემი დონორი ქვეყნის მიმართ, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მიუღია. ნარგიზა ჭანტურია მიიჩნევს, რომ მთავრობას საარჩევნოდ ვეტერანების გულისმოგება სურს და თანხის აღების შემთხვევაში ყველა ვეტერანი მათი მორჩილი გახდება. სტატიის თანახმად, “ქრონიკის” ჯგუფმა გარკვეული მოკვლევის შედეგად არასამთავრობო დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე რობიზონ კალაძესთან დაადგინა, რომ  დონორი ორგანიზაცია ვაშინგტონის ფონდია და ვეტერანები იმ შემთვხვეაში აიღებენ პენსიას, თუ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან, თუმცა კალაძე იქვე დასძენს, რომ ამ ფულს ისინი არა როგორც ვეტერანები, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეები აიღებენ. არასამთავრობოს ხელმძღვანლის ამ განმარტებამ სტატიის ავტორს კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გაუჩინა, თუმცა ამ ეტაპზე პასუხები, თუ რა კომპენსაციაზეა საუბარი ვეტერანებისთვის და ვინ იხდის ამ თანხას, არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი