ახალი ამბები

ვენაში საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომს” შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

20 იანვარი, 2016 • 2551
ვენაში საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომს” შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ვენაში ,,გაზპრომის” წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით სამუშაო პროცესი გრძელდება.

კალაძის თქმით, რუსული მხარე ითხოვს, რომ შეიცვალოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან სომხეთისაკენ გამავალი გაზის მილის ტრანზიტის ანაზღაურების ფორმა. დღეისათვის საქართველოს გატარებული გაზის 10 პროცენტი რჩება, თუმცა გაზპრომს სურს, რომ ტრანზიტის საფასური არა ნატურით, არამედ თანხის სახით გადაიხადოს. კალაძემ მოლაპარაკებების პროცესს მძიმე და რთული უწოდა. მისივე თქმით, გაზპრომი გასულ წლებშიც ცდილობდა აღნიშული 10%-ის შემცირებას, თუმცა ქართული მხარე კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მინისტრის განმარტებით, როდესაც ნატურის თანხით ჩანაცვლების წინადადება მიიღეს, ახლაც კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირეს, თუმცა “გაზპრომმა” შეხვედრაზე პირდაპირ გააჟღერა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში, სომხეთის გაზის მომარაგება ირანიდან გამავალი მილითაც შეუძლია. მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ საკუთარი ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ გაზპრომი ირანის გავლით სომხეთს 100 პროცენტით წელსვე ვერ მოამარაგებს ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა შეუძლია, რომ 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საქართველოზე გამავალი, ხოლო 1 მილიარდი კუბური მეტრი ირანზე გამავალი მილებით მიაწოდოს. მომდევნო წლებში კი, სათანადო ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, აქვს რესურსი, რომ სომხეთი ირანიდან საქართველოს გვერდის ავლით სრულად უზრუნველყოს გაზმომარაგებით.

მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის ზემოხსენებული 10%-ის დაკარგვა მისაღები არ არის და ენერგეტიკულად ძალიან მძიმე იქნება, რადგან ეს პრობლემას შეუქმნის თბოსადგურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის კუთხითაც გაჩნდება პრობლემები. საჭირო იქნება დამატებით ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა ელექტროენერგიის შესყიდვაზე, რაც დენის გადასახადს გააძვირებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე მთავრობის პოზიციას წარმოადგენს, რადგან ეს საკითხი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან აქვს გავლილი. კალაძის მტკიცებით, მას არავითარი კონსულტაციები არ გაუვლია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშილთან.

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლება იანვრამდე უარყოფდა ინფორმაციას ამის შესახებ, საუბარი იყო “გაზპრომიდან” გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტზე და არა მხოლოდ გაზის ტრანზიტის შედეგად მიღებულ ტრანზიტის ოდენობის 10% ბუნებრივ აირზე.

საზოგადოების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გაზპრომთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის რუსული მედიიდან გახდა ცნობილი. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზია მოლოდინი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს გაზპრომზე დამოკიდებულება გაზმომარაგების თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება. კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში გაზის მოხმარება 30 პროცენტზე მეტითაა გაზრდილი. ის მილი კი, რომლითაც საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს გაზს, ბუნებრივი აირის შესაბამის ოდენობას ვერ ატარებს. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ, კონკრეტულად კი სოკარმა უნდა გასწიოს.

საქართველოს მთავრობასა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებები აქცია-კონცერტით 16 იანვარს მეორედ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

მსგავსი შინაარსის საპროტესტო აქცია თბილისში გასული წლის ოქტომბერში ტელეკოპანია “ტაბულას” ორგანიზებით გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი