ახალი ამბები

აჭარის მთებში ზვავი ჩამოწვა

7 თებერვალი, 2011 • 1756
აჭარის მთებში ზვავი ჩამოწვა

დღეს, დილის 9 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის  ბარათაულის თემში (სოფ. ძურძუხი) მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა დაანგრია ერთი სახლი, თუმცა ამ ოჯახის ოთხივე წევრი ცოცხალი გადარჩა. მეწყერის მიერ გატაცებულ ოთარ ცენტერაძეს  თითქმის 10 საათის განმავლობაში 150 ადამიანი ეძებდა. ის თავისი სახლიდან მოშორებით იპოვეს. ოთარ ცენტერაძე ცოცხალია და ამ წუთებში ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. სოფლის გამგებლის თქმით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეწყერმა გაიტაცა ოთარ ცენტერაძის ორი შვილი და მეუღლე. მე-5 და მე-6 კლასელი გოგონები და მათი დედა მეზობლებმა ერთი საათის ძებნის შედეგად იპოვეს.

ცენტერაძეების სახლი მეწყერმა სრულად დაანგრია. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის  ინგული დავითაძის თქმით, სოფელ ძურძუხში სულ 3 თუ 4 ოჯახი ცხოვრობს. ეს  ოჯახები იმყოფებიან როგორც მეწყერსაშიშ, ისე ზვავსაშიშ ზონაში.

ამ დროისთვის მეწყერული მოვლენები განვითარდა ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ბევრ სოფლეშიც. ადამიანების მსხვერპლი ხულოშიც არ არის, მაგრამ მუნციპალიტეტის გამგებლის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოში ძალიან ბევრი ოჯახი დააზარალა მეწყერმა. დანგრეული და დაზიანებულია 35-მდე სახლი, პირუტყვის სადგომი და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა. მათ შორის მეწყერმა სოფელ მთისუბნის სკოლის ერთი კედელიც შეანგრია.

რამაზ ბოლქვაძის ცნობით, ზვავმა ხულოში გაიტაცა მე-11 კლასის მოსწავლეც, რომელიც დროულად იპოვეს.

ხულოში ზვავის შედეგა დაიხოცა პირუტყვიც.

რამაზ ბოლქვაძის ცნობით, ამ დროისთვის ძალიან ბევრი სახლი არის მეწყერსაშიშ ზონაში. სახლებიდან უამრავი ადამიანი ჰყავთ გახიზნული.

რამაზ ბოლქვაძის ცნობით, ხულოში ისევ თოვს.  თოვლის საფარმა 3 და ზოგ შემთხვევაში 4 მეტრსაც მიაღწია.

დღეს მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზეც. გზატკეცილის გაწმენდაზე შესაბამის სამსახურები დილიდან მუშაობენ. გზატკეცილზე მოძრაობა უკვე აღდგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი