ახალი ამბებისაზოგადოება

სერგეენკო აცხადებს, რომ მზადაა მისი მანქანა გრიპის დროს გამოძახებებზე გამოიყენონ

20 იანვარი, 2016 • 1269
სერგეენკო აცხადებს, რომ მზადაა მისი მანქანა გრიპის დროს გამოძახებებზე გამოიყენონ

„ცხელების გამოძახებაზე, რომელიც არის არარისკჯგუფის პაციენტებში, არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება კონსულტაციის ჩატარება. მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა, რითაც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე“ – ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მანვე სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელებს და მენეჯერებს მოუწოდა, სამსახურეობრივი მოხმარების მანქანები დაუთმონ ოჯახის ექიმებს, რომლებიც არარისკჯგუფის ვირუსულ გამოძახებებზე გავლენ.

სერგეენკო ამბობს, რომ ეს ინიციატივა, განპირობებულია სასწრაფო დახმარების გაზრდილი მიმართვიანობით და მიზნად ისახავს, სასწრაფოს აღჭურვილი ეკიპაჟების რესურსის მოხმარებას გადაუდებელი მდგომარეობის სამართავად.

საგანგებო თათბირზე მინისტრმა, მიმართვიანობის გაზრდის პირობებში, სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი ზომების მიღებისა და მზაობისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი