ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა სიცივის გამო

7 თებერვალი, 2011 • 1583
ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა სიცივის გამო

თოვლი და ყინვა ბათუმში
თოვლი და ყინვა ბათუმში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში. ისინი ქუჩაში ათევდნენ ღამეს. ერთ-ერთი შემთხვევა ღამის თავშესაფრის წინ მოხდა.

3 თებერვალს, დილით, მეტაქსას ქუჩაზე არსებული უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი ღამის თავშესაფრის წინ გარდაცვლილი მამაკაცი აღმოაჩინეს. 60 წლის ალექსანდრე ლობანიევი ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

“ის თავშესაფარში არ შეუშვეს, რადგან ნასვამი იყო. თავშესაფრიდან ჩემთან, უფასო სასადილოში მოდიან ადამიანები და იმათ მიამბეს, რომ არ შეუშვეს. ხმას ვერ იღებდა, აკანკალებდაო და იმ სიცივეში, წუმპეში გაიყინა. თავშესაფარში მისული კაცი ჭიშკარში მაინც რომ შეეშვათ, იქვე გარაჟია, შევიდოდა და შეიძლება გადარჩენილიყო. იქ კარდონებია და იმაზე დაიძინებდა.~ _ ამბობს სვეტა კუდბა, რომელიც მეთვალყურეობს საქველმოქმედო ფონდთან არსებულ უფასო სასადილოს, სადაც ყოველდღიურად ასამდე ადამიანი უფასოდ სადილობს.

სვეტა კუდბა ამბობს, რომ ეს ბათუმში სიცივისგან ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის: “წერეთლის ქუჩაზე გაყინულა ადამიანი. დღეს ორჯერ მოვიდა ჩემთან პოლიცია. მოიტანეს სურათები, ვინ არის, იქნებ ამოიცნოო. უსახლკარო ადამიანები არიან, ძირითადად, ალკოჰოლზე დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაიყინოს”.

ღამის თავშესაფარს, “საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს”, რომლის მახლობლადაც ლობანიევი გარდაიცვალა, შეუძლია 35 ადამიანს  მისცეს ღამის გათევის საშუალება.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სახლ-კარი არ გააჩნია, შეუძლია აქ ღამე გაათიოს, მაგრამ შინაგანაწესი უკრძალავთ მთვრალი ადამიანების მიღებას. თავშესაფარში ამბობენ, რომ ლობანიევს იმ დღეს თავშესაფარში შესვლა არ უთხოვია: “ჭიშკრის გარეთ დადიოდა, ჩვენთვის არ უთხოვია შემოსვლა. აქ ადრე ერთი ღამე გაათია, მოვაწესრიგეთ, გამოვუცვალეთ… ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნასვამი ადამიანები შემოვუშვათ, აქ მოხუცები და ინვალიდები ათევენ ღამეს, მაგრამ როცა ასეთი ამინდი იყო, გავითვალისწინებდით… ვინც თქვენ დაგიდასტურათ, რომ მოვიდა, მიმიღეთო.. ასეთი არ ყოფილა, არ ვიცი…”

ამ ფაქტიდან ერთი დღის შემდეგ, 4 თებერვალს, ღამით, თავშესაფარს საპატრულო პოლიციამ მიმართა მოქალაქის ზარის საფუძველზე, შეეფარებინა ქალი, რომელიც ქუჩაში ათევდა ღამეს. თავშესაფარში განაცხადეს, რომ მას ვერ მიიღებდნენ, რადგან იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსახლკაროთა თავშესაფარი საქართველოში არ არსებობს. ბათუმში უსახლკარო ადამიანები, ძირითადად, ქუჩაში ან დანგრეულ შენობებში ათევენ ღამეს. ბათუმში სამი მუნიციპალური სასადილოა, რომელიც 1345 ადამიანს ემსახურება. აქ უფასოდ 0-დან 70 ათასი ქულის მქონე ადამიანები სადილობენ, ქუჩაში დარჩენილებს კი სათანადო დოკუმენტებიც არა აქვთ.

ბათუმში უსახლკაროებს კვება წმინდა ნინოსა და წმინდა ფრანცისკოს საქველმოქმედო ფონდის სასადილოში შეუძლიათ, სადაც ასევე ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც. საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, სვეტა კუდბას თქმით, შენობა ერთ კვირაში უნდა დაიცალოს: “ამ თოვლსა და უბედურებაში რა უნდა ქნან, არ ვიცი. შეაგროვეს ხელწერები და ლევან ვარშალომიძეს, ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის საკრებულოს მიმართეს, რომ მაისამდე მაინც გვადროვონ. არ ვიცი, რა ვქნა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, პრესას და განსაკუთრებით საზოგადოებას, ხმა ამოიღეთ. თბილისში ქალმა გადაისხა ბენზინი და არავინ ყურადღება არ მიაქცია, ჩემი სიკვდილი რამეს რომ შველოდეს, თავი არ მენანება, მაგრამ შედეგი რა იქნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი