ახალი ამბები

სააკაშვილს გონიოს ციხეში ჩაკეტვას უპირებდნენ

7 თებერვალი, 2011 • 1827
სააკაშვილს გონიოს ციხეში ჩაკეტვას უპირებდნენ

აქცია გონიოში
აქცია გონიოში

“საქართველოს პრეზიდენტი გონიოს ციხეში საღამოს საათებში მოვიდა და მიწებს ათვალიერებდა. 200 კაცი შევიკრიბეთ, მაგრამ 300 დაცვა ჰყავდა. ჯაჭვი გააკეთა დაცვამ და პრეზიდენტთან არ მიგვიშვეს. ვიფიქრე, გონიოს ციხის კარები ბოქლომით ჩამეკეტა, ასე თუ მოგვისმენდა მიშა. დიდი ბოქლომი სანამ მოვიტანე, წასული დამხვდა. ბავშვებმა კორტეჟს სურათები გადაუღეს, მაგრამ პოლიციამ ტელეფონები წაართვა და წაშალა“, _ იხსენებს გონიოში პრეზიდენტის 24 იანვრის ვიზიტს ასაკოვანი მამაკაცი, ლადო მჟავანაძე. ის ერთ-ერთია იმ 320 ოჯახიდან, ვისაც გონიოში საკუთრება ჩამოართვეს.

გონიოელებს იმ მიწებს ართმევენ, რომლებიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაუმტკიცეს საკუთრებაში. ლადო მჟავანაძე ამბობს, რომ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები 60 ოჯახს პირადად ლევან ვარშალომიძემ გადასცა. „ორივე მხარზე მაკოცა და მითხრა, აი, ხომ ხედავთ, პრეზიდენტმა 100 ათასდოლარიანი საჩუქრები გაგიკეთათო. გახარებულები ვიყავით“, _ იხსენებს ლადო მჟავანაძე.

მიწების ჩამორთმევის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გონიოში პირველად 3 იანვარს მიიღეს. მანამდე ისინი აქციებს მართავდნენ და ლევან ვარშალომიძის ადმინისტრაციის წინაც სცადეს შეკრება. იქ მათ უთხრეს, რომ ვარშალომიძე არ შეხვდებოდა, დაცვამ კი ისინი აიძულა, ტერიტორია დაეტოვებინათ. “ასლანის დროინდელი დაცვა ჰყავს ამასაც. ზუსტად იმან მიკრა ხელი ჩვენს ერთ მეზობელ ქალს და წააქცია. სასწრაფო გამოიძახეს. ქალებს ვერ ვაცემინებდით, ამიტომაც დავიშალეთ“, _ ამ ინფორმაციის წყაროც ლადო მჟავანაძეა. 

ამის შემდეგ გონიოელები აქციებს პერიოდულად მართავენ.

„4 იანვარს საპროტესტო მსვლელობა მოვაწყვეთ გონიოდან ბათუმში. თითქმის ყველა ტელევიზიამ გადაიღო ჩვენი აქცია, მაგრამ ტვ-25-ის გარდა არავინ აჩვენა. აჭარის ტელევიზიას წერილი გავუგზავნეთ, გვაინტერესებს, ჩვენი ფულით დაფინანსებულმა ტელევიზიამ რატომ არ აჩვენა 1500 ადამიანის პრობლემა. ხელისუფლებიდან მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გამოგვეხმაურნენ.

ხალხიც არ ინტერესდება ჩვენი პრობლემით. ახლა ვაპირებთ თბილისში ჩავიდეთ და იქ დავიწყოთ აქციები. ზაფხულში თბილისელებს გულთბილად ვიღებთ და იმედია, ისინიც დაგვიდგებიან გვერდში“,– აცხადებენ გონიოელები.

გონიოელების ნაწილი საკუთრების უფლებების დასაცავად სასამართლოში აგრძელებს დავას. “სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი ჩამორთმეულ, თუმცა ჯერ კიდევ სადავო მიწების დაყადაღების თაობაზე, მაგრამ არ დაგვიკმაყოფილეს. სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დამცველია და რასაც ეტყვიან, ისე გადაწყვეტს. არადა, პირად საუბარში ყველა გვეუბნება, რომ მართლები ვართ და სასამართლოში დავას გვირჩევენ. მარტო ბაჟის სახით სამივე ინსტანციაში 600 ლარის გადახდა გვიწევს“, _ ამბობს ენვერ ირემაძე.

ხელისუფლების წარმომადგენლების სიყალბის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს ლადო მჟავანაძე: “ახლა ვაჟა ბოლქვაძესთან მივდივარ. არჩევნების წინ  მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ ბოსტნებსა და ახორებს დაგვირეგისტრირებდა, დეპუტატობის კანდიდატი იყო. გაგვაკეთებინა საბუთები, რაც 50-50 ლარი დაგვიჯდა, მაგრამ აღარ გაგვიფორმეს. დღეს, გარდა იმისა, რომ მიწები ჩამოგვართვეს, გარაჟების, ახორების და ბოსტნების დანგრევის შესახებაც გაგვაფრთხილეს. ბარემ გადაგვასახლონ აქედან”.

ციალა კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ისინი მალე დევნილების ბედს გაიზიარებენ: “აფხაზეთსა და სამაჩაბლოდან ქართველები მტრებმა გამოდევნეს, მაგრამ ჩვენ აქედან ჩვენ მიერ არჩეული მთავრობა გვერეკება. ამათ ასე უნდათ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება? ჩვენს საცოდაობას რომ უყურებენ, რომელ აფხაზსა და ოსს მოუნდება საქართველოში დაბრუნება?!”.

გონიოელებმა დახმარება სთხოვეს ბათუმში თურქეთის საკონსულოსაც. “ჩვენ თურქეთის კონსულს ვთხოვეთ, ჩვენი პრეზიდენტისთვის მიეწვდინა ხმა”, _ ასე ახსნეს გონიოელებმა მათი ვიზიტი საკონსულოში, რომელიც, მათივე ინფორმაციით, თურქულმა ტელევიზიებმა გადაიღეს.

პოლიტიკა ამ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ, მათ სხვა რამ აწუხებთ. “თუ გინდა, რომ მიწამ მოსავალი მოგცეს, ახლა დამუშავება უნდა დაიწყო. კიტრი, პომიდორი, ცერცვი, ფხალი მოგვყავდა და ასე გაგვქონდა თავი. ახლა გაჩერებულები ვართ, რომ დავიწყოთ დამუშავება, შეიძლება მოვიდნენ და გამოგვყარონ. არ ვიცით, რა ვქნათ, არადა, არც ის გვინდა, მიწა რომ მოცდეს”.

საკუთრების გარეშე გონიოში დაახლოებით 1500 ადამიანი რჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი