ახალი ამბები

,,მწვანეები” ითხოვენ, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

4 თებერვალი, 2011 • 1161
,,მწვანეები” ითხოვენ, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

გიორგი გაჩეჩილაძის ბრიფინგი
გიორგი გაჩეჩილაძის ბრიფინგი

,,საქართველოს მწვანეთა პარტია” მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქის მარტო უფლება კი არა, ვალდებულებაცაა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სწორედ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობს ამ პროცესში. ეს კატასტროფის ტოლფასია -საშუალებას აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ადვილად მიაღწიონ საწადელს. რაც უფრო მცირეა არჩევნებში ხალხის აქტიურობა, მით ნაკლებია ამ არჩევნებით მოსული ხელისუფლების ლეგიტიმურობა”, – განაცხადა დღეს გამართულ კონფერენციაზე ,,საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის გასაზრდელად გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

,,მსგავსი კანონი მსოფლიოს 14 ქვეყანაში მოქმედებს. თუკი მოქალაქე ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, იგი ისჯება. მსგავსი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს ჩვენთანაც”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

„მწვანეები“ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, გაიზიარონ მათი ,,რევოლუციური ინიციატივა’’. ,,ამით ისინი დაადასტურებენ თავიანთ გულწრფელ სურვილს – შეიცვალოს საარჩევნო გარემო’’, – ამბობს გაჩეჩილაძე.

,,საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივნის თქმით, შემდეგ კვირაში ისინი საზოგადოებას ახალ პროექტს წარუდგენენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი