ახალი ამბები

პროკურატურამ მაღალჩინოსნები დააკავა

4 თებერვალი, 2011 • 1887
პროკურატურამ მაღალჩინოსნები დააკავა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამი საჯარო მოხელე დააკავა. ამის შესახებ დღეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნული ცენტრის დირექტორს ვალერი ჯოხაძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის პროფესიული ცენტრის დირექტორს ზაზა ავალიანსა და მის მოადგილეს მურმან ხვედელიძეს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის ინფორმაციით, საბაზრო ფასთან შედარებით მათ ათჯერ ნაკლები ღირებულებით  გადასცეს დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითიც, საყვარელიძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 700 000 ლარის ოდენობის ზიანი.

საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ვალერი ჯოხაძემ  10 000 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მდებარე შენობის ფართი აუქციონის ჩატარების გარეშე, საბანკეტო დარბაზის მოსაწყობად, უსასყიდლოდ გადასცა ზურაბ კალატოზიშვილს.

დაკავებულებმა – ზაზა ავალიანმა და მურმან ხვედელიძემ კი საერო უნივერსიტეტის “აღმაშენებლი”-ს  დირექტორს მადლენა ლაბაძეს ფიქტიური საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმეს ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე.

,,სინამდვილეში კი უნივერსიტეტს სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, მდებარე შენობის ფართი, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მადლენა ლაბაძისაგან იღებდნენ ფულად თანხას 28 000 ლარის ოდენობით’’, – განაცხადა საყვარელიძემ.

აღნიშნული პირები დაკავებული არიან საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მუშაობის შედეგად.

საყვარელიძე თქმით, მიმდინარე წლიდან დეპარტამენტი სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ქონების იჯარით განკარგვის შესახებ საქმეების გამოძიებაზე მუშაობს.

,,ღონისძიებები ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება’’, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი