ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მაქსიმალური აქცენტი რეგიონების განვითარებაზე იქნება გადატანილი

18 იანვარი, 2016 • 1417
კვირიკაშვილი: მაქსიმალური აქცენტი რეგიონების განვითარებაზე იქნება გადატანილი

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის კანცელარიაში  ბიზნესასოციაციების 20–მდე წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე, ადმინისტრაციის ცნობით, ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნეს.

პრემიერის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი რეგიონების განვითარებაზე იქნება გადატანილი

„ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო – სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასრტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდეს რეგიონში არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს მთავრობის შემდეგ ინიციატივებზე:

 

  • საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს;
  • იგეგმება  საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული;
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა ეკონომიკური დანაშაულისას თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;
  • განხორციელდება ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია;
  • დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის თქმით, იგეგმება მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა:

“ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ  Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას“, – განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები, თუმცა, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალობის და ჩართულობის კონტროლს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.

პრემიერის შეფასებით, სერიოზული რეფორმებია განსახორციელებელი საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, საუბარია სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდასა და უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული მოთხოვნების დინამიკურ კვლევას დაეფუძნება.

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სწორად დაიხარჯოს სამთავრობო რესურსი და არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, მთავრობა, უმთავრესი პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, თითოეული სამინისტროს პორტფელის პრიორიტეტიზაციის პროცესშია. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები სამი კრიტერიუმით გამოვლინდება – რამდენად აქტუალურია საკითხი საზოგადოებისთვის, არის თუ არა ის თანხვედრაში ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და როგორია მისი გადაჭრის რესურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი