ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერთან დამარცხდა

18 იანვარი, 2016 • 2472
ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერთან დამარცხდა

დღეს, 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრის შეხვედრაში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

34 წლის შვეიცარიელმა ქართველ ჩოგბურთელს მატჩი სამ სეტში ანგარიშით 6:2, 6:1, 6:2 მოუგო. შეხვედრა 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

როჯერ ფედერერმა ბასილაშვილთან შეხვედრაში 8 ”ბრეიკი” შეასრულა. შვეიცარიელი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და თავისი რეკორდი შეინარჩუნა – მელბურნში პირველი რაუნდი ზედიზედ 17-ჯერ წაუგებლად ითამაშა.

მატჩის შემდეგ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ქართველ სპორტსმენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 117-ე საფეხურზე იმყოფება.

”ძალიან ბედნიერი ვარ. აქამდე ნიკოლოზთან არასდროს მითამაშია და პირველი რაუნდი არასდროსაა მარტივი. ასე რომ, კარგი დასაწყისი იყო ცენტრალურ კორტზე ღამის სესიაზე, სადაც ყოველთვის უფრო ძლიერი სტრესია. კარგი მატჩი იყო და ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებ,” – განაცხადა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა.

ფედერერი ზედიზედ 65-ე ”დიდი სლემის” ტურნირს თამაშობს და 17 ტიტული აქვს მოგებული. მას პირველი მოწოდებებიდან 91% ზუსტად აქვს შესრულებული.

შვეიცარიელი მეორე წრეში უკრაინელ ჩოგბურთელს, ალექსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდება. ფედერერი ცდილობს, რომ ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგოს და 34 წლის ასაკში, კენ როუზუოლის შემდეგ, ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი გახდეს. როუზუოლმა ეს ტურნირი 1972 წელს 37 წლის ასაკში მოიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი